კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სამწუხაროს უწოდებს ENKA-ს მიერ ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შეწყვეტას, თუმცა აცხადებს, რომ ეს გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისა და ხალხისთვის. კერძოდ, მისი თქმით, თავის დროზე დადებული ხელშეკრულება, შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ძნელია, ამ შემთხვევაში, არ დაეთანხმო ბატონ ირაკლი კობახიძეს, მართლაც, ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. მაგრამ ეს არის სამწუხარო შედეგი, რომელიც ალბათ, უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლების, ხალხისა და მომავალი განვითარებისთვის გამოყენებული, როგორც ის მაგალითი, რომელიც აღარ უნდა განვითარდეს.

ვგულისხმობ კონკრეტულად იმას, რომ თვითონ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას დაიდო დასკვნა, როგორც ამას ითვალისწინებს მთავრობის რეგლამენტი, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებებზე სამართლებრივ ექსპერტიზას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო. ეს დასკვნა გამოქვეყნებულიც იყო ჩემი პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერით და ცირკულირებდა სოციალურ ქსელებში. შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა, ამას ვამბობდით ჩვენ მაშინდელ დასკვნაში, მაგრამ დაიდო ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო.

თუმცა, აქვე იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ამ ტიპის ჰესები დამღუპველია ქვეყნისთვის, მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთი ქართველი ჰესების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მით უმეტეს, ჩემი კუთხის კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ ხოლმე პროფესიონალების აზრს და მე ვიცი, რომ ამ ტიპის პროექტები ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ასე ხელაღებით თქმა, რომ ის არაფერში არ გვჭირდება, იქნება ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", — განაცხადა მან.

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. აღნიშნული სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

17 სექტემბერს ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც 25 მაისს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.

დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გააასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.