ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობისა და "შავრაზმელი ჯგუფების" მოქმედებებზე პასუხისგება მოსახლეობას მოუწევს. ასე ეხმაურება ბოკერია ENKA-ს მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას ქართული ოცნების, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ. მუდმივად, პატრიოტიზმს ამოფარებულები არიან, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით — დაგვაზიანეს.

პირველი, ამით ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის, მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ამ სიძვირის, ქვეყანა დაასუსტეს ამითი და მეორე — კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენს მთავრობას, ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ, ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები", — განაცხადა ბოკერიამ.

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. აღნიშნული სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

17 სექტემბერს ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც 25 მაისს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.

დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გააასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.