შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის საქმეზე 32 წლის პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს თბილისში მდებარე კაფე-ბარ სკარპას მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

"მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ სკარპაში, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად — 5 000-5 000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ სკარპას ანგარიშზე 1 5000 ლარი იყო გადარიცხული" — აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, კომპლექსურმა გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა თბილისში მდებარე კლუბ როიალშიც მოქმედებდა.

"კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ როიალში მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით, ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის — 1 450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს", — ნათქვაია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.