ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ენკას მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შედეგად, ხელისუფლებას მოქალაქეების ხარჯზე უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწევს. მისი თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მედიატორის როლის შესრულება, რის გამოც, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად დაზარალდა.

"ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მედიატორის როლი, ვერ აიღო ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აეღო, ვერ გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, დაკარგა ინვესტიციები. [...]

ქუთაისის მოქალაქეების და ყველა იმ ადამიანების ხარჯზე, რომელიც ამ გადასახადებს იხდის ამ უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწევს [ხელისუფლებას] და ცალკე ის პრობლემა საკმაოდ დაარტყამს ინვესტიციებს", — თქვა დეკანოიძემ.

დღეს, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. აღნიშნული სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

17 სექტემბერს ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც 25 მაისს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.

დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გააასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.