2017 წელს ხალხით გადაჭედილ დარბაზში აიმაქსის უზარმაზარ ეკრანს მივჩერებოდი, როცა ვიგრძენი, რომ ყელში ბურთი მომაწვა. ეკრანზე არცთუ პრაქტიკულ წითელ-ოქროსფერ აბჯარში შემოსილი უმშვენიერესი გალ გადოტი გმირული მუსიკის ფონზე წარბშეუხრელი იგერიებდა მტრისგან წამოსულ ტყვიებს, ომისგან გაპარტახებული ნაცრისფერი ფონი კი ამ სანახაობას კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდიდა. ნიკაპაკანკალებულმა გვერდით მჯდომ ქმარს გავხედე, რომ ამ ემოციური კადრების გავლენა მის სახეზეც ამომეკითხა, მაგრამ იქ მსგავს ვერაფერს გადავეყარე. მეტიც, ის ოდნავ თავგაბეზრებულიც კი ჩანდა. არადა, ფილმებისადმი ჩვენი დამოკიდებულება, როგორც წესი, ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს.

აბა, რა იყო მიზეზი, რომ სცენამ, რომელმაც მე ლამის ამატირა, მას მთქნარება მოანდომა? — ის, რომ ეკრანზე მე რაღაც ახალი დავინახე, მან კი რიგითი (და უკვე ყელში ამოსულიც) "საბრძოლო სცენა" სუპერგმირებზე გადაღებული ფილმებიდან.

არა, გალ გადოტის Wonder Woman ნამდვილად არ ყოფილა პირველი ქალი სუპერგმირი, რომელიც დიდ ეკრანზე გამოჩნდა. მაგრამ ეს გამოჩენა მაინც სხვანაირი იყო. პირველი მსოფლიო ომის ამ სცენაში ქალღმერთი ერთ ადამიანსაც არ იმეტებს მოსაკლავად. მას მთლიანი ფილმის განმავლობაში სრულიად ახლებური — დიახ, უბოდიშოდ ქალური — პერსპექტივა შემოაქვს ომის პერიპეტიებში. ის იმ ოთახებში შედის, სადაც მხოლოდ კაცები იმყოფებიან და მსოფლიოს ბედს წყვეტენ; და ის ამ ოთახებში პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობა არაფერზე პასუხი არაა; რომ კონფლიქტების დიალოგით მოგვარებაა საჭირო.

ის სცენა კი, ზემოთ რომ გიყვებოდით, ამ სიუჟეტური ხაზის ერთგვარი კულმინაციაა. მასში რეჟისორი პეტი ჯენკინსი პრინცესა დიანას შუბზე ასხლეტილი ტყვიებით გვეუბნება, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტისას განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანების აზრის გათვალისწინებას საოცარ შედეგებამდე მივყავართ.

მადლობა, პეტი! ამ მოსაზრებაში ახალი კი დიდად არაფერია, მაგრამ მრავალმილიონიან ბლოკბასტერში ამ მარტივი ჭეშმარიტების "კომიქსური ენით" მოსმენამ გული მაინც ამიჩუყა.

ფოტო: Shawn Duddridge

ზემოთ გრძლად ნათქვამი ორ სიტყვაში რომ ჩავატიო — რეპრეზენტაცია მნიშვნელოვანია! და ამ მნიშვნელობის ფასს ბოლომდე ვერასდროს გაიგებ, თუ დიდი და პატარა ეკრანი შენი კანის ფერის, გენდერის, სექსუალობის ან თუნდაც მსოფლმხედველობის მქონე პერსონაჟებითაა სავსე. ნებისმიერი რამის ღირებულება ხომ მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როცა მისი დანაკლისია.

მეც, იმ მომენტში დარბაზში მჯდომმა, ეს დანაკლისი მაშინ გავიაზრე, როცა მისი ამოვსების მცდელობას ვუყურებდი. ვერაფერს ვიტყვი, ეს მართლაც მშვენიერი გრძნობა იყო, თუმცა — დაუნახაობაში არ ჩამომართვათ და — ფილმს მეტის გაკეთებაც შეეძლო.

ერთი დანაკლისი, რომლის ამოვსებაც ვანდერ ვუმენის ფილმისეულმა ვერსიამ ვერ შეძლო, ქვიარ ადამიანთა გამოცდილების ჩვენება იყო. კომიქსების მკითხველთათვის სიახლე არაა, რომ პრინცესა დიანა, ფაქტობრივად, პირველი ბისექსუალი სუპერგმირია. დიახ, მართალია, მის სექსუალურ იდენტობას ადრეულ 1940-50-იან წლებში ღიად ნამდვილად არ გასმია ხაზი (რაც იმ დროს შეუძლებელიც კი იქნებოდა), თუმცა მისი ბიოგრაფიის მეტატექსტური და ტექსტური კონტექსტი თავიდანვე მრავლისმთქმელი იყო. შედეგად, ფემინისტებმაც მასში თავიდანვე ამოიცნეს გმირი, რომელსაც მათი ღირებულებების გაზიარება შეეძლებოდა.

ქალი საოცრება თავიდანვე ქვიარ თემს ეკუთვნოდა

ფოტო: DC Comics

კომიქსების ისტორიაში Wonder Woman-ს შექმნის ყველაზე არაორდინალური ისტორია აქვს. იმდენად არაორდინალური, რომ 1950-იანი წლების თვითცენზურის ორგანოს, "კომისქსების კოდის მმართველობის" შექმნის ერთ-ერთ მიზეზადაც იქცა.

ეს ისტორია ასე გათამაშდა: როცა 1954 წელს ცნობილმა კონსერვატორმა ფსიქიატრმა, ფრედრიკ ვერტამმა კომიქსების გამრყვნელი ბუნების გამოსააშკარავებლად წიგნი, უმწიკვლოთა ცდუნება, გამოსცა, ამერიკულ საზოგადოებაში ერთი ამბავი ატყდა. კომიქსებისთვის ცენზურის დაწესების საკითხი სენატის სხდომაზეც კი განიხილეს. გარდა იმისა, რომ ვერტამი და მისი თანამოაზრეები ბავშვებისთვის განკუთვნილ კომიქსებს ძალადობრივი სცენების ჩვენებაში ადანაშაულებდნენ, ერთ-ერთი მთავარი საჩივარი ისიც გახლდათ, რომ ვანდერ ვუმენი შეფარულად გეი პერსონაჟი იყო.

ამ გარემოებას კომიქსების მკითხველი მოზარდებისთვის საფრთხე რატომ ან რანაირად უნდა შეექმნა, ვერ გეტყვით. მაგრამ აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვერტამს სრულად ქალებით დასახლებული კუნძულის მკვიდრ ამორძალ დიანას პერსონაჟში ქვიარ ელემენტების სწორად ამოცნობას ვერ დავუკარგავთ. უფრო მეტიც, ამ ელემენტების ტექსტში ჩადება ავტორისგან უნებლიე შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.

Wonder Woman-ის შემქმნელი სიცრუის დეტექტორის გამომგონებელი, პროფესორი უილიამ მოურტონ მარსტონი გახლდათ. ის, ამასთან, ორ ქალთან, იურისტ ელიზაბეტ ჰოლოვეისთან და ფსიქოლოგ ოლივ ბერნთან პოლიგამიურ ურთიერთობაში ცხოვრობდა. მარსტონმა ქალი საოცრება სწორედ ბისექსუალი ოლივ ბერნის შთაგონებით შექმნა და ის მიზანმიმართულად აქცია ფემინისტური ღირებულებების განმასახიერებელ გმირად. მოგეხსენებათ, ამ ღირებულებებში სექსუალური გამოხატვის თავისუფლებაც შედის და მართლაც, თუ "სიმართლის ლასო" მარსტონისეული სიცრუის დეტექტორის ალეგორია გახლდათ, მის კომიქსებში ქალების მიერ ერთმანეთის თოკებით გაკოჭვის ხშირად გამეორებულ ტროპში ზოგმა სწორედ სექსუალური ქვეტექსტები დაინახა.

Wonder Woman-ის პერსონაჟის შემქმნელი, პროფესორი მარსტონი, იმავე დროს სიცრუის დეტექტორის გამომგონებელიც გახლდათ.

ფოტო: Wikimedia Commons

დანამდვილებით ვერაფრით ვიტყვით, რომ მარსტონმა გაცნობიერებულად მიაწერა ქალ საოცრებას ყველა ის თვისება, რომლებსაც ამ გმირში ქვიარ ადამიანები ხედავენ. ის კი ფაქტია, რომ 2016 წელს Wonder Woman-ის კომიქსების იმდროინდელმა ავტორმა, გრეგ რუკამ, როგორც იქნა, ხმამაღლა დაადასტურა ის, რაც მკითხველებმა უკვე 75 წელი იცოდნენ: "თუ კითხვა იმას ეხება, ჰყვარებია თუ არა დიანას ქალები და მათთან ურთიერთობაშიც ყოფილა, პასუხი, ცხადია, დადებითია", — განაცხადა მან ინტერვიუში.

თუმცა, თუ როლანდ ბარტს დავუჯერებთ და "ავტორი მკვდარია", ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. ფაქტია, რომ მრავალ ბისექსუალს ვანდერ ვუმენი საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღქმასა თუ მიღებაში დაეხმარა, რაც უმნიშვნელო მიღწევა ნამდვილად არაა და ქვემოთ გეტყვით, რატომაც.

თავდასხმები ბისექსუალობაზე

ბისექსუალებს იდენტობის კრიზისი ხშირად აწუხებთ, რადგან, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მრავალ ადამიანს მათი არსებობის არ სჯერა. აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მრავალი ბისექსუალობას ჰომოსექსუალად იდენტიფიცირებამდე გასასვლელ ერთგვარ "ფაზად" მიიჩნევს. ასეთი შემთხვევები მართლაც ხშირია და ამაში თავისთავად ცუდი არაფერია — საკუთარი სექსუალობის აღმოჩენა გრძელი და ჩახლართული პროცესია და ზოგჯერ საკუთარ თავზე სხვადასხვა იდენტობის მორგება გიწევს, სანამ იმას აღმოაჩენდე, რომელშიც კომფორტულად იგრძნობ თავს. თუმცა, ფაქტია, რომ ეს სტერეოტიპი, თითქოს ბისექსუალობა მხოლოდ ჰომოსექსუალების დროებით თავშესაფრად არსებობს, ქვიარ საზოგადოებიდან იმ ადამიანების წაშლის საფრთხეს აჩენს, რომლებიც ბისექსუალებად იდენტიფიცირდებიან.

სამწუხაროდ, ეს ამ იდენტობის მქონე ადამიანებზე თავდასხმის ერთადერთი ფორმა არაა. LGBTQ+ თემიდან ბისექსუალები ზოგჯერ უსამართლოდ მაშინაც ირიყებიან, როცა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში ყოფნას გადაწყვეტენ. ასეთ დროს ისინი საპირისპირო ბრალდების მსხვერპლნი ხდებიან: ამჯერად მათ ქვიარ იდენტობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. შედეგი ორივე ტიპის ბრალდებისას ერთია: ინდივიდს საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი იმ ყალიბში სვამს, რომელიც მისთვის უცხო და მოუხერხებელია.

ეს და სხვა მსგავსი მავნე სტერეოტიპებია იმის მიზეზი, რომ ბისექსუალთა საოცრად ცოტა პროცენტი ბედავს სამყაროს ხმამაღლა გაანდოს თავისი ორიენტაცია. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში ბისექსუალთა მხოლოდ 28 პროცენტს ჰქონდა განდობილი თავისი ახლობლებისთვის საკუთარი სექსუალური იდენტობა (შედარებისთვის, ეს რიცხვი ჰომოსექსუალებში 70 პროცენტზე მაღლა იყო). ეს საოცრად დაბალი მაჩვენებელია და ამ ორიენტაციის ნორმალიზების საჭიროებას უსვამს ხაზს.

აქ კი კვლავ რეპრეზენტაციის საკითხს ვუბრუნდებით: როცა ეკრანზე შენ მსგავს ადამიანს ხედავ, რომელიც მისაბაძ გმირადაა წარმოჩენილი, ხვდები, რომ არსებობ; რომ შენს იდენტობაში გამოსასწორებელი არაფერია; რომ შენ ანომალია არ ხარ და არ უნდა მიჩქმალო ის თვისებები და მისწრაფებები, რომლებიც შენს იდენტობას განსაზღვრავენ.

მეტიც, შენ, ბისექსუალმა, შეგიძლია იამაყო იმ თემით, რომლის წევრიც ხარ, რადგან აქ ხელგაშლილნი იღებენ ყველა მოგზაურსა და მაძიებელს — მათაც, ვინც აქ თუნდაც დროებით, საკუთარი იდენტობის გამორკვევის პერიოდში იპოვის უსაფრთხო სივრცეს და მათაც, ვინც საკუთარი სექსუალური იდენტობის გარკვევის პროცესს აქვე დაასრულებს.

ფოტო: Nicola Scott / DC Entertainment

თუნდაც მხოლოდ ამ უსაფრთხო სივრცის შესანარჩუნებლად გვჭირდება ჩვენს ეკრანებზე მეტი ისეთი გმირი, რომელშიც ბისექსუალები საკუთარ თავს ამოიცნობენ და დაინახავენ, რომ მათი არსებობა, გამოცდილება და პერსპექტივები ისევე ღირებულია, როგორც — სხვა ნებისმიერის.