ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარება და სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი ფაილების საქმე კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც გართულებულ ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირი.

"ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ესეთი მძიმე დამატებითი გართულება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენ ყველანი ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ. მიუხედავად ჩვენი პარტიული პოზიციისა, იმიტომ რომ ეს ზეპარტიული საკითხია", — განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ისეთი პარტნიორი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის საქმიანობას მათ წინააღმდეგ ბუნებრივად არ მიაჩნიათ. ჰარცელის თქმით, მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს, რათა დაიგეგმოს სათანადო ნაბიჯები და განისაზღვროს პოზიციები.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: