ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი კვლავ რჩებიან რიონის ხეობაში, ვიდრე ტექნიკის გაყვანა არ დაიწყება. მისი თქმით, ელოდებიან, სანამ ოფიციალური უწყებები დაადასტურებენ, რომ ენკამ ხელშეკრულება გაწყვიტა.

"საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, იმიტომ რომ ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც ენკას უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინისტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ეს ხელშეკრულება. [...]

ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი", — თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. კომპანია ENKA-ს ინფორმაციით, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება.

აღნიშნულს გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტა არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვის.