საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იცავენ ქვეყანაში ვენის კონვენციის პირობებს და ერთგული არიან ყველა იმ ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას. მათივე თქმით, ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებაზე უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია და შესაბამის პირებს მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს.

საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარ ფაქტებად დეფინიციას. ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს", — წერია განცხადებაში.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ისეთი პარტნიორი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის საქმიანობას მათ წინააღმდეგ ბუნებრივად არ მიაჩნიათ. მისივე თქმით, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად იღებენ, რადგან ეს აჩენს კითხვებს, ვენის კონვენციის დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით.

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს მათზე არ არის მიმართული, "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს".

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: