ამერიკელმა მსახიობმა უმა თურმანმა ტეხასში აბორტის შესახებ მიღებული კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ადგილობრივი ქალების ბედზე წუხს.

თურმანმა ოპ-ედი გამოაქვეყნა Washington Post-ში, სადაც საკუთარი გამოცდილებაზეც ისაუბრა. ის თინეიჯერი იყო, როდესაც ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტა. ემოციურ, პერსონალურ წერილში ის საკუთარ არჩევანს განიხილავს და იმ ქალებს მიმართავს, რომლებიც "შესაძლოა სირცხვილს განიცდიდნენ, რომ თავის დაცვა ვერ შეძლეს და ახლა უფლებები დაკარგეს".

ტეხასის ახალი კანონი ქალს 6 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტას უკრძალავს და ნებას რთავს მოქალაქეს უჩივლოს იმ დაწესებულებას თუ დამხმარეს, რომელიც ქალს აბორტის გაკეთებაში პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობით დაეხმარება. კანონი გამონაკლისს არ უშვებს გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევაში, ხოლო მომჩივანსა და მოსარჩელეს შორის კავშირის აუცილებლობა არ არსებობს. სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ ქალებმა 6 კვირის ვადებში ხშირად არც იციან ორსულობის შესახებ, ხოლო შეწყვეტილი ორსულობების 80% ექვს კვირაზე გადაცილებულ შემთხვევებზე მოდის.

თურმანი კანონს "ამერიკელი ქალების უფლებებისთვის კრიზისულს" უწოდებს:

"ეს კიდევ ერთი დისკრიმინაციული ინსტრუმენტია იმ ქალების მიმართ, რომლებიც ეკონომიკურად დამოუკიდებლები არ არიან, ან საკუთარ პარტნიორებს ეწინააღმდეგებიან. ვწუხვარ, რომ კანონი მოქალაქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს და საშიშ გარემოს ქმნის. ქალები, რომელთაც არ აქვთ შვილის გაზრდის პირობები, არჩევანის გარეშე რჩებიან".

თურმანი წერს, რომ 15 წლის იყო, როდესაც ორსულობის შეწყვეტა მოუწია, რადგან არ ჰქონდა სახლი და პირობები, რომ შვილი აღეზარდა:

"ეს დღემდე ჩემი ყველაზე მძიმე და ბნელი საიდუმლო იყო. ახლა 51 წლის ვარ და ვცხოვრობ სახლში, სადაც 3 შვილი გავზარდე. ისინი მე სიამაყესა და სიხარულს მანიჭებენ".

თურმანი ტეხასელ ქალებს მხარდაჭერას უცხადებს: "მივმართავ ტეხასელ ქალებსა და გოგოებს, რომლებიც განრისხებულნი არიან იმით, რომ შტატმა უფლებები წაართვა. რომელთაც სიძულვილის შემცველი განცხადებების მოსმენა უწევთ. რომელთაც არცხვენენ იმის გამო, რომ საშვილოსნო აქვთ: მე თქვენ გხედავთ, ულამაზესები ხართ, შეინარჩუნეთ სიმამაცე".