ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) მთვარეზე ადამიანების გაგზავნა და ბაზის აშენება სურს, თუმცა მანამდე ორგანიზაცია იქ როვერის გაშვებას გეგმავს.

VIPER-ის სახელით ცნობილი აპარატი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსს გამოიკვლევს, სადაც მზის სინათლე ნაკლებად აღწევს, ამიტომ ძალინ ცივა. მისიის ფარგლებში, ის 100 დღის განმავლობაში წყლის მარაგის მოძებნას შეეცდება, რომელსაც ასტრონავტები წყალბადად და ჟანგბადად დაშლიან, შემდეგ კი რაკეტების საწვავად გამოიყენებენ. კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა მარსისკენ მიმავალ გზაზე ავზების შესავსებად, შესაძლოა, სწორედ მთვარეზე არსებულ მსგავს სადგურებს მიაკითხონ.

NASA-მ ახლახან გაასაჯაროვა ის ადგილი, სადაც მთვარემავალი VIPER დაეშვება. ეს არის ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე განლაგებულ კრატერ ნობილესთან ახლომდებარე მთიანი რეგიონის შემაღლებული წერტილი, საიდანაც აპარატს დედამიწასთან ინფორმაციის მიმოცვლა არ გაუჭირდება.

მუდმივ ჩრდილში მყოფ კრატერებთან ერთად, იქ მზიან არეალსაც ვხვდებით. როვერს "სინათლის დერეფნებში" გადაადგილება მოუწევს, რადგან ის ენერგიას მზის სხივებისგან იღებს. ამასთან, ის კრატერებშიც ჩავა, რადგან დიდი შანსია, რომ ამგვარ ღრმულებში წყლის ყინული იყოს შემონახული.

სააგენტო VIPER-ს მთვარეზე 2023 წელს გაგზავნის, რაც უკანასკნელ 50 წელიწადში პირველად მოხდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ეს ჩვენი პლანეტის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე აპარატის უსაფრთხოდ დაშვების ასევე პირველი შემთხვევა იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.