ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) საქართველოს ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების, სამართალდამცველების და ადვოკატების გამოცდილების საფუძველზე სამართალდამცავ სისტემაში რასობრივი გამორჩევის პრაქტიკა შეისწავლა და მრავალი სახის სისტემური პრობლემა გამოკვეთა. TDI-ის თანახმად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა რასობრივი გამორჩევის ცნებას არ ცნობს. შესაბამისად, რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა არ არსებობს.

TDI-ის ანგარიშის მიხედვით, სისტემური პრობლემა მიგრანტთა უფლებების დარღვევას იწვევს და აყალიბებს დისკრიმინაციულ გარემოს, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ამ პრობლემებს შორის გამორჩეულად აქტუალურია ბინადრობის ნებართვების გაცემის პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი როლი და სავარაუდოდ, ეროვნული/რასობრივი ნიშნით განპირობებული დისკრიმინაციული მოტივით ნებართვებზე უარის მაღალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შედარებით.

"აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები საუბრობენ როგორც რასისტულ და სტერეოტიპულ განწყობებზე საზოგადოების მხრიდან, ასევე სახელმწიფო და კერძო უწყებებში გამოვლენილ სტრუქტურულ რასიზმსა და პრობლემებზე. ხშირია სახელმწიფო საზღვრის კვეთისას უკანონო გაჩერება, დაყოვნება ან საზღვრის კვეთაზე უსაფუძვლო უარი. ასევე, ხშირია რასობრივი დისკრიმინაციით მოტივირებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, შეურაცხყოფის შემთხვევები", — აცხადებს TDI.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პროფესიულ სასწავლო პროგრამებში, ფაქტობრივად, კულტურული მრავალფეროვნების საკითხები არ გვხვდება. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, პოლიციელები ზოგადად სწავლობენ ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის თემებს, თუმცა ეს კურსები რასიზმისა და რასობრივი გამორჩევის საკითხებზე სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარის ინფორმაციას არ მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა და სამართალდამცავი უწყებებისა და ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობა დაბალია.

კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  • საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ იცნობს რასობრივი გამორჩევის ცნებას; შესაბამისად, არ არსებობს რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა.
  • მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელთა და გამომძიებელთა თვითშეფასებით, მათი არსებული ცოდნა და დამოკიდებულება რასობრივი დისკრიმინაციისა და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე მაღალია, თვისებრივი კვლევა ცხადყოფს, რომ რეალურად ამ მიმართულებით მწვავე სისტემური პრობლემები არსებობს;
  • კვლევის ფარგლებში გამოკითხული სამართალდამცველების ნაწილი განსხვავებული კულტურული, ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების შესახებ სტერეოტიპული ენით საუბრობს. ხშირად მათი წინასწარი განწყობები გაუცნობიერებელია, რაც შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს;
  • სამართალდამცველების სასწავლო პროგრამები არ მოიცავს კულტურული მრავალფეროვნების მართვასა და რასობრივ გამორჩევასთან დაკავშირებულ თემატიკას. ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე სასწავლო პროგრამები არათანმიმდევრული და არასრულყოფილია. ამასთან, სამართალდამცველების უმრავლესობა — როგორც პოლიციელები, ასევე გამომძიებლები — მიიჩნევენ, რომ საჭიროა დისკრიმინაციის აკრძალვისა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ პოლიციელთა ცოდნის გაღრმავება;
  • კვლევის ფარგლებში გამოკითხული ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები საუბრობენ ზოგადად ხელისუფლებისა და საპოლიციო სისტემის მხრიდან მათ მიმართ სტერეოტიპულ, გულგრილ ან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და პრაქტიკულ შემთხვევებზე. მათი თქმით, ხშირია უსამართლო მოპყრობის, მათ წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირების შემთხვევები და გამოუძიებელი საქმეების მაღალი მაჩვენებელი;
  • ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობები, ასევე საქართველოში მცხოვრები მიგრანტები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიიჩნევენ, რომ ხშირია დისკრიმინაციული გამორჩევის შედეგად პოლიციის მიერ მათი უკანონოდ გაჩერება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატები — როგორც კერძო, ისე არასამთავრობო და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურიდან — აღნიშნავენ, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და უცხო ქვეყნის ბრალდებული მოქალაქეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სისტემატური ხასიათი აქვს;
  • ენობრივ ბარიერებსა და თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ როგორც უმცირესობების წარმომადგენლები, ისე პოლიციელები და გამომძიებლები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სრულყოფილ კომუნიკაციას. სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა შეფასებით ენობრივი ბარიერის არსებობა ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს მიგრანტთა ნდობაზე სამართალდამცავი უწყების მიმართ;
  • კვლევაში მონაწილე ყველა მხარე — როგორც ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები, ისე სამართალდამცველები და ადვოკატები — ხაზს უსვამენ საქმეებში თარგმანთან და თარჯიმნების კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადვოკატების თქმით, ხშირად დაკავების პროცესი და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითად, ჩხრეკა, ამოღება და დათვალიერება, თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე ტარდება;
  • აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების თქმით, მათ ბინადრობის ნებართვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით ეუბნება უარს. კონკრეტული წარმომავლობის, ეთნიკური, ეროვნული კუთვნილების ადამიანების "საფრთხედ", "საშიშად" და "რისკის შემცველად" წარმოჩენა სამართალდამცველი და უსაფრთხოების სამსახურების რასობრივი გამორჩევის პოლიტიკაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

გაიგე მეტი: