ლეგენდარული ნიდერლანდელი ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის, გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა, მხატვრის მდიდარი შემოქმედების შესახებ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ. ამას მოწმობს შემოქმედის ცნობილი ტილოს, დაქანცულის, ახლად აღმოჩენილი ესკიზი, რომელიც პირველად გამოიფინება.

ამსტერდამში მდებარე ვან გოგის მუზეუმმა განაცხადა, რომ ფანქრით გაკეთებული ჩანახატი, რომელიც, როგორც ჩანს, 1882 წელს შექმნილი ნახატის ადრეული ესკიზია, მათ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ჩანახატი, სახელად დაქანცულის შესწავლა, თავჩაქინდრულ მოხუც კაცს ასახავს.

როგორც ცნობილი გახდა, ნამუშევარი მუზეუმს უცნობმა ადამიანმა გადასცა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჩანახატი ნამდვილად ავთენტიკურია და ჰააგაში ვან გოგის ცხოვრების პერიოდშია შექმნილი. ნამუშევარი ერთ-ერთია ფანქრით გაკეთებული იმ რამდენიმე ჩანახატიდან, რომელიც მხატვარმა ომის ვეტერანზე, ადრიანუს იაკობუს ზუიდერლანდზე შექმნა. 29 წლის ვან გოგი იმ პერიოდში ხშირად იყენებდა მოქალაქეებს მოდელებად, სანაცვლოდ კი მათ ათცენტიან ყავას სთავაზობდა ხოლმე.

დაქანცულის ახალაღმოჩენილი ესკიზი (მარცხნივ) და მისი საბოლოო ვერსიის ჩანახატი (მარჯვნივ).

ფოტო: Van Gogh Museum

"სტილისტურად თუ შევხედავთ, ეს ჩანახატი შესანიშნავად ჯდება იმ უამრავი ნამუშევრის კვლევით მიღებულ საერთო სურათში, რომელიც ვან გოგმა ჰააგაში დახატა. ამასთან, კავშირი დაქანცულთან აშკარაა", — ამბობს მუზეუმის უფროსი მკვლევარი, ტეიო მეედენდორპი, — "მხატვარმა მუშაობა ფურცელზე უხეში მონახაზით დაიწყო, რაც მიუთითებს, რომ სურათის სწორი პროპორციების ასასახავად შესაფერისი ჩარჩოს შექმნა სურდა. ამის შემდეგ კი ხატვა მისთვის დამახასიათებელი გამომსახველობითი სტილით განაგრძო: არასრულყოფილი, თუმცა ენერგიული მონახაზებითა და შტრიხებით კონტურების გასწვრივ. ამგვარად იგი ცდილობდა, მეტყველი ნახატი შეექმნა, სადაც შუქჩრდილებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდებოდა".

ნამუშევრის ავთენტიკურობის დასადგენად რამდენიმე ხერხი გამოიყენეს და გამოიკვლიეს დეტალებიც; მაგალითად, ნახატის გაქუცული კუთხეები. ეს ვან გოგის ჩანახატებისთვისაა დამახასიათებელი, რადგან ხელოვანი სახატავ დაფაზე ფურცელს წებოვანი სახამებლით ამაგრებდა ხოლმე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალაღმოჩენილი ჩანახატი დაქანცულის საბოლოო ვერსიისგან მცირედით განსხვავდება — გამოსახული კაცის რაკურსი შეცვლილია.

ნამუშევარი მუზეუმში 2022 წლის 2 იანვარს გამოიფინება.