ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, ძალადობა არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ისევ ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს. ასე ეხმაურება ის გუშინ, 21 სექტემბერს დმანისში მომხდარ ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"ძალადობა, ჩემი აზრით, არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, რაც გვინახავს ბევრი სხვა საარჩევნო კამპანიებისას. ეს იწვევს მოქალაქეთა იმედგაცრუებას და დაყოფას. საჭიროა ფიქრი იმაზე, როგორ გავუმკლავდეთ საარჩევნო კლიმატს, რომ პოლარიზების დონემ დაიწიოს და მსგავსი შემთხვევები სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ", — განაცხადა მან.

დღეს, 22 სექტემბერს დაჭრის ბრალდებით ქართული ოცნების კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 21 სექტემბერს დანით სახის არეში დაზიანებები მიაყენა ენმ-ს მხარდამჭერებს.

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა მიხეილ დაუთაშვილის შვილი მომხდარში გუშინვე დაადანაშაულა, თუმცა მაშინ "ოცნების" კანდიდატმა მისი შვილის ადგილზე ყოფნა უარყო. თუმცა შვილის დაკავების შემდეგ ის ამტკიცებს, რომ დაპირისპირება კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებმა გამოიწვიეს და "პროვოკაციაზე წამოაგეს". დაუთაშვილის თქმით, შვილმა დაინახა, რომ მამას ურტყამდნენ და აფექტის მდგომარებაში მოიქცა ასე. მისივე თქმით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა, შსს-ს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ენმ-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა. თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი, რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო".

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: