საქართველო მრავალი წელია ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება და ანტიდასავლური პროპაგანდა ამ პროცესის მნიშვნელოვანი და უწყვეტი ნაწილია. ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პრიგრამის ფარგლებში მედიის განვითრების ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდის 2020 წლის მედიამონიტორინგის შედეგებს ასახავს.

მედიის განვითარების ფონდმა ანგარიშში კვლევის შერეული მეთოდოლოგია გამოიყენა, მათ შორის, კონტენტ-ანალიზი და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება, ვერიფიკაცია.

კვლევის ფარგლებში დაკვირვება 15 მედიაზე ხორციელდებოდა, ასევე, ანტილიბერალურ, კრემლისტურ და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ფეისბუქგვერდებსა და ჯგუფებზე CrowdTangle-ის ანალიტიკურ ხელსაწყოში ხდებოდა.

მთავარი ნარატივები

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, გასული სამი წლის მსგავსად, ანტიამერიკული გზავნილები დომინირებდა და ეს 2019 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. მზარდი ტენდენცია ნაწილობრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შიდა პროცესებსა და არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას უკავშირდებოდა, საქართველოში მიმდინარე არჩევნების კონტექსტში კი ეს უკავშირდებოდა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიერ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიას.

მზარდი ტენდენცია ნაწილობრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შიდა პროცესებსა და არჩევნებში ტრამპის დამარცხებას უკავშირდებოდა, ასევე, საქართველოში მიმდინარე არჩევნების კონტექსტში ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების (NDI-IRI) წინააღმდეგ პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის მიერ ინიცირებულ დისკრედიტაციის კამპანიას

საინტერესოა, რომ ანგარიშის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთებული შეფასებებიც თითქმის გაორმაგებულია და მცირე ზრდა შეინიშნება ევროკავშირის-ევროპის, არასამთავრობოებისა და ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარების მხრივ.

ამას გარდა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ იდენტობის დაკარგვის საფრთხესთან და ღირებულებით დისკურსთან დაკავშირებული გზავნილები მცირედითაა შემცირებული, თუმცა ზოგადად, ანტილიბერალური დისკურსი გამჭოლ თემად თითქმის ყველა მიმართულებით ფიგურირებს, NATO-ს წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები კი თითქმის განახევრებულია.

"5 წლის მონაცემების ჭრილში NATO-ს წინააღმდეგ ყველაზე აქტიური ფაზა 2019 წელს იყო, რაც პატრიოტთა ალიანსის მიერ ნეიტრალიტეტის თაობაზე წამოწყებულ აქტიურ კამპანიას და საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრირების ინიციატივას უკავშირდებოდა, რაც 2020 წელს დღის წესრიგში აღარ დამდგარა. ბოლო 5 წლის დინამიკის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის, როგორც უალტერნატივო ძალის, ასევე ავტორიტარული მმართველობის მხარდამჭერი განცხადებები ეტაპობრივად გაზრდილია", — აღნიშნულია ანგარიშში.

ფოტო: MDF

კვლევაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის შიდა პროცესებთან დაკავშირებით 3 ახალი გზავნილი გამოიკვეთა

  • ამერიკა გაყოფილია / არჩევნები გაყალბდა / ამერიკას არ აქვს მორალური უფლება სხვას ჭკუა ასწავლოს (142): ახალი გზავნილი ამერიკაში შიდა პოლიტიკური ვითარების მკვეთრ პოლარიზაციაზე, დემოკრატიის ეროზიასა და ტრამპისთვის არჩევნების გაყალბებაზე ახდენდა ფოკუსირებას, რის გამოც სხვადასხვა აქტორი ავითარებდა მოსაზრებას, რომ ამერიკას არ ჰქონდა მორალური უფლება, სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიის ერთგულებისკენ მოეწოდებინა;
  • ამერიკაში სისტემური რასიზმია (31): მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის პოლიციელის მხრიდან ძალადობის გამო გარდაცვალებას და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ამერიკაში სისტემური რასიზმის არსებობის შესახებ გზავნილები მოჰყვა;
  • ამერიკა კორუმპირებულია (20): ლობიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფციად იყო წარმოჩენილი და საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ამერიკელი პოლიტიკოსების თუ სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს უკავშირდებოდა, რაც ზოგადად დემოკრატიული პროცესისადმი სკეპტიციზმის დანერგვას უწყობდა ხელს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების წინააღმდეგ გზავნილები წინა წლებშიც ვრცელდებოდა, თუმცა შედარებით მცირედი რაოდენობით და ისინი აშშ-ის მიერ შიდა პროცესში ჩარევის კატეგორიაში იყო გაერთიანებული.

"2020 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წინააღმდეგ განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, რის გამოც ეს გზავნილი ცალკე გამოვყავით. აღნიშნული კამპანია კრემლისტური პარტია "პატრიოტთა ალიანსისა" და მასთან დაკავშირებული ტელეკომპანია "ობიექტივის" მიერ იყო ინიცირებული.

ამ კამპანიას წინ 2019 წელს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადება უსწრებდა, რომელმაც 2019 წლის ბოლოს ამერიკული ინსტიტუტების (NDI-IRI) მიმართ ნდობის დაკარგვა სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტების დევალვაციად და აშშ-ს ინტერესებისთვის ზიანის მომტანად შეაფასა", — ამბობენ ისინი.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანია შემდეგ გზავნილებს მოიცავდა:

  • NDI-IRI-ის კვლევები არასანდოა (156): პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ გაყალბებული კვლევები უსაფრთხოების პრობლემაა, რადგან ქვეყნის შიდა საქმეებში ინტერვენციას ახდენს, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, მათი კორუფციული ინტერესები გამოძიებული ყოფილიყო, ხოლო თავად NDI-IRI აკრძალულიყო;
  • NDI-IRI-ი ებრძვიან ეკლესიას (19): გზავნილს, რომ კვლევებში ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირება ქართულ იდენტობასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" (13) და მასთან დაკავშირებული ტვ "ობიექტივის" (6) შემთხვევაში ვხვდებით. აღნიშნული გზავნილი საერთო რაოდენობრივ მონაცემებში იდენტობის დაკარგვის საფრთხეებშია გაერთიანებული.

ფოტო: MDF

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ახალი ტენდენციებიც გამოიკვეთა:

  • დასავლეთს გლობალური კონტროლის / ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება სურს (85): აღნიშნული გზავნილი, რომელსაც კონსპირაციული ხასიათი ჰქონდა, ნაწილობრივ პოლიტიკურ პროცესებს, ნაწილობრივ კორონავირუსის პანდემიასა და ვაქცინაციას უკავშირდებოდა.
  • ლიბერალური წესრიგი მარცხდება (63): 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ Financial Times-სთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ლიბერალური წესრიგი მოძველდა, ქართულენოვან ანტიდასავლურ დისკურსზეც აისახა. აღნიშნული გზავნილი, რომელიც მონიტორინგის სუბიექტ მედიაში პირველად 2019 წელს გაჩნდა (28), 2020 წელს გასსამმაგებულია (2020 წელი 63) და ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების მომძლავრებას, ხოლო ამერიკაში დონალდ ტრამპის კონსერვატიულ დღის წესრიგს უკავშირდებოდა.
  • დასავლეთი ისტორიის რევიზიას ცდილობს / თანამშრომლობდა ჰიტლერთან (63): კიდევ ერთი გზავნილი, რომელმაც აქტუალობა 2020 წელს შეიძინა და მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკულ ჟურნალ The National Interest-ში გამოქვეყნებულ ვლადიმერ პუტინის სტატიის სულისკვეთებას ეხმიანება, დასავლეთის მიერ ისტორიის გაყალბების მცდელობასა და ჰიტლერთან თანამშრომლობაში დადანაშაულებას შეეხებოდა. ეს ნარატივი, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობის საკითხის წამოწევის საპასუხოდ გააქტიურდა, რაც სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას და 1939 წელს პოლონეთში ინტერვენციას უკავშირდებოდა.
  • დასავლეთი არ არის სოლიდარული / ვერ გაუმკლავდა პანდემიას (43): ახალი გზავნილი უკავშირდებოდა კორონავირუსის პანდემიას, რა დროსაც, ერთი მხრივ, დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის სხვა ქვეყნებისადმი სოლიდარობის ნაკლებობასა და პანდემიასთან გამკლავების უუნარობაში დადანაშაულება ხდებოდა, მეორე მხრივ, საპირწონედ ავტორიტარული ქვეყნების (რუსეთი, ჩინეთი) პოზიტიური როლის წარმოჩენა.

იდენტობასთან და ღირებულებით დისკურსთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მიერ "ჰომოსექსუალობის, პედოფილიისა და გარყვნილი ცხოვრების წესის" თავსმოხვევის შიშები დომინირებდა, ასევე, მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ აშშ-ის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება ლგბტ დღის წესრიგის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობდა ხელს. იმ ნარატივს, რომ დასავლური ღირებულებები ქართულ იდენტობასთან შეუთავსებელია, გზავნილები მოსდევს იმის შესახებ, რომ დასავლეთი რელიგიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე, ტრადიციულ იდენტობასა და ოჯახს ებრძვის.

ფოტო: MDF

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა ახალი გზავნილი ევროკავშირთან და ევროპასთან მიმართებით, რა დროსაც მკვიდრდებოა აზრი, რომ პანდემია ევროკავშირის ერთიანობას უქმნიდა საფრთხეს, რადგან ევროკავშირმა წევრი ქვეყნების მიმართ სოლიდარობა ვერ გამოიჩინა და მათ დახმარება ვერ გაუწია.

რაც შეეხება ანტიდასავლური გზავნილების წყაროებს, აქ მთავარი მედია იყო, რასაც პარტიები და პოლიტიკოსები მოსდევენ.

ფოტო: MDF

მთავარი წყაროები

ანგარიშის მიხედვით, ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროებად 5 მედია გამოიკვეა — საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, ტვ ობიექტივი, ასავალ-დასავალი და ალია, რომელთაგან ლიდერობს საქართველო და მსოფლიო.

პარტიებიდან ამ მხრივ, ტრადიციულად, 2020 წელსაც პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს, მას კი მოსდევენ რუსეთის ხელისუფლება, ქართული მარში, ნეიტრალური სოციალისტური საქართველო, ქართული ოცნება, ქართული იდეა და ქართული დასი. ამავე კონტექსტში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან პირველ ადგილს ევრაზიის ინსტიტუტი იკავებს, სასულიერო პირებიდან კი ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი რაზმაძე.

ფოტო: MDF

ნარატივების სტრუქტურასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის კვლავ 3 საფეხურიანი იყო და შიშების კულტივირებას, უიმედობისა და სკეპტიციზმის დანერგვას, ერთმორწმუნე და ძლიერი რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად დასახვას ისახავდა მიზნად.