სულ მალე გამოვა დენიელ კრეიგის მონაწილეობით გადაღებული ჯეიმს ბონდის უკანასკნელი ფილმი No Time To Die (სიკვდილის დრო არ არის) და ამ მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი ფიქრობს, რომ მისი როლი ქალმა არ უნდა გადაიბაროს.

ბოლო პერიოდში ხშირად მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა შემდეგი ჯეიმს ბონდი ქალი. ამჟამინდელი აგენტი 007 მიიჩნევს, რომ არა.

"უმჯობესია, ქალებისა და არათეთრკანიანი მსახიობებისთვის უბრალოდ სხვა უკეთესი როლები შეიქმნას. რატომ უნდა ითამაშოს ქალმა ჯეიმს ბონდი, როცა შეიძლება ჯეიმს ბონდივით სხვა კარგი გმირი შეიქმნას, ოღონდ ქალი?", — განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

კრეიგის მოსაზრებას იზიარებს ბონდის ფრენჩაიზის პროდიუსერი ბარბარა ბროკოლიც:

"ის [ჯეიმს ბონდი] კაცი პერსონაჟია. თავდაპირველად ის შეიქმნა როგორც კაცი და ვფიქრობ, ასევე უნდა დარჩეს. და ამაში პრობლემა არაფერია. ჩვენ არ უნდა ვაქციოთ კაცი გმირები ქალებად, არამედ უფრო მეტი ქალი პერსონაჟი უნდა შევქმნათ და მათთვის შესაფერისი ისტორიებიც მოვიგონოთ", — აღნიშნა მან.

თუმცა ყველა კრეიგსა და ბროკოლის როდი ეთანხმება: მაგალითად, მომავალი ფილმის სიკვდილის დრო არ არის ვარსკვლავმა, ლაშანა ლინჩმა თქვა, რომ ბონდი "შეიძლება კაციც იყოს და ქალიც და ასევე თეთრკანიანიც, შავკანიანიც, აზიელი ან შერეული რასის მქონეც".

აღსანიშნავია, რომ შარშან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლაშანა ლინჩის პერსონაჟი იქნება შემდეგი აგენტი 007: მართალია, ჯეიმს ბონდი კაცია, თუმცა აგენტი 007 ნებისმიერი შეიძლება იყოს.

ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ჯერჯერობით ბოლო ფილმი No Time To Die (სიკვდილის დრო არ არის), რომელშიც მთავარ როლს დენიელ კრეიგი ასრულებს, კინოთეატრებში 8 ოქტომბრიდან გამოვა.