საზოგადოებრივ მაუწყებელში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატებისას ყოფილმა ექსპრემიერმა გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელ კახა კალაძეს ჰკითხა, დაუჯდება დებატებში პირისპირ, თუ ჯერ პოლიტიკურად უნდა გაიზარდოს. თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კი უპასუხა, რომ ჯერ კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდნენ.

"დამიჯდები დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?", — ჰკითხა გახარიამ, რაზეც კალაძე პასუხობს.

"კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა აგახდეთ და ამის შემდეგ გექნებათ გექნებათ იმის შესაძლებლობა ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან და რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში".

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.