ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხიმგებლობას მმართველ პარტიის წევრებს აკისრებს და მონაწილე პირების დაუყოვნებლი დაკავებას მოითხოვს. როგორც ბრიფინგზე მან აღნიშნა, არსებობს კადრები და არიან მოწმეები, რომლებიც მომხდარს დაადასტურებენ. ენმ დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, ქართული ოცნების კანდიდატი არჩევნებიდან და ასევე, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მოხსნან.

"დმანისში ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30 აგრესიული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების წევრები", — თქვა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

ბოკუჩავამ, ასევე, აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა დაპირისპირებაში უშუალოდ მონაწილე პირების გარდა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებსაც ეკისრებათ.

ქართული ოცნების მაღალჩინოსნები საკუთარი რიტორიკით, განცხადებებით, კამპანიით, მათ შორის ძალადობრივი პლაკატებით, საკუთარი მოქმედებებით, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმით, ახალისებენ ამგვარ ძალადობას და შესაბამისად, ამ მძიმე დანაშაულზე ისინიც პასუხისმგებელნი არიან", — აღნიშნა ბოკუჩავამ.

დღეს, 21 სექტემბერს დმანისში ოპოზიციის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე პირი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად უპირისპირდება.