ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა არჩევნებამდე არ მოხერხდება. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, რომ პარლამენტში მოიწვიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.

"ოპოზიცია ითხოვდა ერთი წლის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე.

ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები. არჩევნებამდე, როგორც წესი, არ იმართება ხოლმე პლენარული სხდომები. ამის რესურსი არ აქვს პარლამენტს, გამომდინარე იქედან, რომ ყველა დეპუტატი, უკლებლივ ყველა დეპუტატი არის ჩართული საარჩევნო სამუშაო პროცესში. აქედან გამომდინარე, როგორც კი განახლდება პარლამენტის მუშაობა, მაშინვე შეგვიძლია ეს საკითხი განვიხილოთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიწვევის იდეა თავდაპირველად ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ გამოთქვა. ლელოს იდეას ოპოზიციური პარტიების ნაწილიც შეუერთდა.

გაიგე მეტი: