ნაციონალური მოძრაობის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს.

ენმ-ს წევრის, სერგო რატიანის განმარტებით, სანამ არ დადგინდება კორცხელის ინციდენტში დამნაშავე, სანამ არ დადგინდება დამკვეთი და იმ დღეს მოძალადე ადამიანები, ენმ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და არ შედის საპარლამენტო დარბაზში:

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი არჩევნებზე მას "არას" ეუბნება და ამ არჩევანის წართმევა უნდათ მათ. [ისინი] ვერ აცნობიერებენ იმას, რომ 4 წლის განმავლობაში ხალხისთვის ვერაფერი გააკეთეს და ახლა უნდათ, იძალადონ ხალხის არჩევანზე. ეს არის მათი პასუხი ხალხის ნებაზე".

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.