ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის ცვლილებას გეგმავს, რომელშიც ამომრჩევლის სილუეტი უკეთ გამოჩნდება. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი ბიულეტენების უბნიდან გატანისა და შემოტანის პრაქტიკის შემცირებაა. სიორიძე ამტკიცებს, რომ ხმის მიცემის ფარულობა ამ შემთხვევაშიც გარანტირებული იქნება.

"ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული. აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ., რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება", — განაცახდა სიორიძემ.

მისივე თქმით, ამ რისკების ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანენ. სიორიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა ხვალ, 22 სექტემბერს, იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება.

გიორგი სიორიძემ დღეს, 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2 ოქტომბრის არჩევნების საპილოტე პროექტებზეც. მისი თქმით, კრწანისის #4 საარჩევნო ოლქი იქნება პირველი უბანი, სადაც ხმებს ელექტრონულად დაითვილან.