რუსეთის ცესკოს მიხედვით, ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა არჩევნებში 98,54% აიღო. რუსული ცესკოს თანახმად, მისმა ოპონენტებმა, ხალიდ ნაკაევმა რუსეთის კომუნისტური პარტიიდან და ისა ხაჯიმურადოვმა სამართლიანი რუსეთი — სიმართლისთვის პარტიამ ხმების 0,12% და 0,15% მიიღეს.

17-დან 19 სექტემბრამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რეგიონის მეთაურის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების, მეხუთე მოწვევის რესპუბლიკური პარლამენტის დეპუტატებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების მოადგილეების არჩევნები ჩატარდა.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს. ამ ხნის განმავლობაში, უფლებადამცველები რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან რეგიონში ადამიანის უფლებების კატასტროფულ მდგომარეობას არაერთხელ აღნიშნავენ. იყო ცნობები ჩეჩნეთში არაკანონიერი სიკვდილით დასჯისა და ლგბტ ადამიანების დევნის შესახებ.

2020 წელს აშშ-მ კადიროვს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქციები დაუწესა. სანქციები, ასევე, შეეხო მის ცოლს, მედნი კადიროვას და ქალიშვილებს აიშატ და კარინა კადიროვებს. მანამდე დაწესებულ ეკონომიკური საქნციების გარდა, სანქციები ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და საქმიანი კონტაქტებს, ასევე, შეერთებულ შტატებში აქტივების გაყინვას მოიცავს.

16-19 სექტემბერს რუსეთში სახელმწიფოს სათათბიროს არჩევნები ჩატარდა. რუსული ცესკოს მიხედვით, ვლადიმერ პუტინის პარტიამ ერთიანი რუსეთი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ყველა ხმის დათვლის შემდეგ, საარჩევნო კომისიამ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ერთიანმა რუსეთმა ხმების 49,83% მოიპოვა. კრემლის მომხრე პარტიამ 2016 წლის არჩევნებში ხმების 54% მიიღო.

გაიგე მეტი: