სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილე აფხაზ ამომრჩევლებს მათი ხმების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.

OC Media გაესაუბრა რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებელს, რომელსაც 1 000 რუსული რუბლი (14 აშშ დოლარი) შესთავაზეს.

რუსეთის მთავრობის პასპორტების გაცემის პოლიტიკის გამო, აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ რუსული პასპორტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რუსეთის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ.

რუსეთში შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. დეპუტატების ნახევარი აირჩევა პარტიული სიებით, ხოლო ნახევარი — ერთმანდატიანი ოლქებიდან. აფხაზეთში რუსეთის საელჩოს განცხადებით, "ქალაქ სოხუმში ერთი უბანი იმიერბაიკალეთის მხარის დაურსკის ერთ-ერთ ოლქს მიეკუთვნება, მეორე უბანი — ვორონეჟის რეგიონის პავლოვსკის ერთ-ერთ ოლქს, გაგრა და ბიჭვინთა მიეკუთვნება სამარას ერთმანდატიან ოლქს, დანარჩენი ხუთი უბანი ეკუთვნის ლენინგრადის რეგიონის ვსევოლოჟსკის ერთმანდატიან ოლქს".

"ხმის მიცემა ფულის სანაცვლოდ პირველად შემომთავაზეს", — გვითხრა ნატალიამ (სახელი შეცვლილია), მისი ანონიმურობის დაცვის პირობით.

"რუსეთის მოქალაქე არ ვარ, გვარი კი რუსული მაქვს. ალბათ, ამიტომ გადაწყვიტა მეუღლის ნაცნობმა, რომ ჩემი ხმის მოსყიდვა ეცადა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში".

ნატალიას თქმით, კრემლის მომხრე პარტია "სამართლიანი რუსეთი — სიმართლისთვის" კანდიდატ იური გრიგორიევისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, მას 1 000 რუსული რუბლი (14 აშშ დოლარი) შესთავაზეს. როგორც რესპონდენტი მოგვიყვა, სთხოვეს, ბიულეტენისთვის, რომელზეც აღნიშნული კანდიდატი იქნებოდა შემოხაზული, ფოტო გადაეღო და შემდეგ Whatsapp-ში თავისი პასპორტის მონაცემებთან ერთად გაეგზავნა.

ხმისთვის ფული შესთავაზეს მის მეგობარსაც, ლუდმილას (სახელი შეცვლილია).

"არაფრის დიდებით და მით უმეტეს, 1 000 რუბლის გამო, არ მივცემდი ხმას ერთიან რუსეთს", — განაცხადა ლუდმილამ.

მისი თქმით, ოპოზიციის გულმხურვალე მხარდამჭერია, ამიტომ არჩევნების გამოტოვებას არ აპირებდა, მაგრამ ხმა პარტია ვაშლის კანდიდატს მისცა.

ალექსანდრა (სახელი შეცვლილია) იყო ერთ-ერთი იმ რესპონდენტებს შორის, ვისთვისაც მზად იყნენ, ფული გადაეხადათ მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლისთვის. მისთვის არ უთხოვიათ, რომ ბიულეტენის ფოტო გაეგზავნა და 1 000 რუბლის სანაცვლოდ პასპორტის მონაცემები უნდა მიეწოდებინა.

"პოლიტიკა არ მაინტერესებს, არ მინდა დრო საარჩევნო ყუთთან რიგში დგომაში დავკარგო. მით უმეტეს, რომ დილით მეგობარმა მითხრა, უახლოეს უბანზე ხალხმრავლობა იყო. პანდემიის დროს არ მაქვს სურვილი, რომ ბევრ ხალხში ვიყო, თან 1 000 რუბლის სანაცვლოდ", — თქვა ალექსანდრამ.

"შეიძლება, ამ გზით არჩევნებზე პენსიონერების შემოტყუება კი გამოსდით, მაგრამ ახალგაზრდების — არა მგონია. ეს არ არის ის თანხა, რომლის გამო ყველაზე უპრინციპო ადამიანებიც კი წავლენ უქმე დღეს უბანზე და რიგში დადგებიან".

კიდევ ერთი რესპონდენტის, ვერას (სახელი შეცვლილია) მოსყიდვას ახალგაზრდა კაცი მოსკოვი-სოხუმის მატარებელში ცდილობდა.

"როგორც კი ერთმანეთი გავიცანით და მოვიკითხეთ, ანდრეიმ — სწორედ ასე წარადგინა თავი — მკითხა, ვაპირებდი თუ არა არჩევნებზე წასვლას, რადგან ამაზე ჩემი შვილის მომავალი იყო დამოკიდებული", — თქვა ვერამ.

"ვუპასუხე, შეიძლება წავიდე, თუ საარჩევნო უბანი სახლთან ახლოს იქნება-მეთქი [...] ამის შემდეგ ანდრეიმ მითხრა, რომ მისი ნომერი ჩამეწერა და თუ გადავწყვეტდი არჩევნებზე წასვლას, მისთვის ჩემი ბიულეტენის ფოტო და პასპორტის მონაცემები გამეგზავნა".

"არსადაც არ წავედი და მისი მობილური ნომერიც წავშალე", — მოგვიყვა ის.

რუსეთის მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს სამდღიან კენჭისყრაში სახელმწიფო დუმის, საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, უპირობო გამარჯვება ვლადიმერ პუტინის პარტიამ, ერთიანმა რუსეთმა მოიპოვა. თუმცა, დამკვირვებლების თქმით, არჩევნები გაყალბების ფონზე წარიმართა.

20 სექტემბრის 12:00 საათისთვის აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობა 13 ათასმა ადამიანმა მიიღო.

სოხუმში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაქსიმ ლიტვინოვმა განაცხადა, რომ უბანზე აქტიურობა მაღალი იყო და თავად არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

"უბანი დროულად გაიხსნა, დილის 8 საათზე. გახსნისთანავე ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, ხალხი მოდის და მოდის და მგონი, ყოველ მომდევნო საათს სულ უფრო იმატებს ნაკადი [...] ყველაფერი მშვიდად მიდის”, — თქვა ლიტვინოვმა.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.