კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციას, რომლისთვისაც ქვეყანაში მოსაწონი არაფერი გაკეთებულა, ეს ბილბორდი მაინც მოეწონება, რადგან "შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ". მისივე თქმით, ხალხმა უნდა უყუროს ამ ბანერებს, რომ გაიხსენონ, რა არ უნდათ.

"აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციის ფლანგი, ოპოზიციური მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ.

ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, რომ ეს წამალივით არის, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა. იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს, არც ცუდი და არც კარგი", — განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ბანერებთან დაკავშირებით.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს". დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.

ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

თავდაპირველად, წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.

24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" კვლავ გამოჩნდა, თუმცა, ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.