ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამ ვითარებაში საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი აღარ აქვს. ასე გამოეხმაურა ის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიწვევის იდეას.

"სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა, ჩვენ ამას გაცდენილები ვართ", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ის ამბობს, რომ ახლა მთავარი მომავალ არჩევნებზე ფოკუსირებაა.

"ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული — არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რომელიც, თუნდაც გულწრფელი მოტივით, იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს, არ არის მიზანშეწონილი“, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიწვევის იდეა თავდაპირველად ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ გამოთქვა. ლელოს იდეას ოპოზიციური პარტიების ნაწილიც შეუერთდა.