ცოტა ხნის წინ HBO-მ ახალი სერიალებისა და ფილმების კადრებით შექმნილი 1-წუთიანი თიზერი გაგვიზიარა, რომელშიც ეიფორიის, დიუნისა და მატრიცას გარდა, Sex and the City-ის ახალი სეზონის — And Just Like That-ის პირველი კადრები ვიხილეთ.

ერთ კადრში კერის, შარლოტსა და მირანდას ვხედავთ, შემდეგ კი კერისა და მისტერ ბიგს, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან და კოცნიან. მართალია, თიზერში ახალი სეზონიდან მხოლოდ ორი პატარა სცენა ვიხილეთ, თუმცა ეს კადრები ჩვენი მოლოდინის გასამძაფრებლად საკმარისია!

ფოტო: HBO

აღსანიშნავია, რომ სექსი დიდ ქალაქშის გაგრძელებაში მონაწილეობას არ მიიღებს თავდაპირველი სამსახიობო გუნდის ვარსკვლავი კიმ კეტრელი, რომელიც სამანტას პერსონაჟს ასახიერებდა. მის მაგივრად სერიალს ნიკოლ არი პარკერის გმირი შეემატება.

ფოტო: HBO

And Just Like That… ახალი ოთხეულის ცხოვრების შესახებ ამჯერად 50 წელს გადაცილებული ქალების პერსპექტივით მოგვიყვება. შოუში გამოჩნდებიან სხვა ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორებიც არიან მისტერ ბიგი, ენტონი მარენტინო და სტენფორდ ბლაჩი. ასევე ვიხილავთ ახალ სახეებსაც: სარა რამირესი არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟის როლს მოირგებს.

Sex and the City-ის სერიალი 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა. ამ სამყაროს გმირების ახალი ისტორია, რომელსაც HBO Max იღებს, თანამედროვე დროში განვითარდება და მასში არც კორონავირუსის პანდემიას აუვლიან გვერდს. ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა.