ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 5 ივლისს პრაიდის შესახებ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ არა მოძალადეების წახალისება, არამედ "რისკების პრევენცია უზრუნველყო".

"აქ საუბარი იყო რისკების პრევენციაზე და ამას ემსახურებოდა მისი განცხადება. მომავალ წელსაც რომ იყოს დაგეგმილი ასეთივე ღონისძიება, იქაც ჩვენი ვალდებულება, როგორც პრემიერმინისტრის, ასევე პარტიის თავმჯდომარის, ჩვენი გუნდის ნებისმიერ ლიდერის ვალდებულებაა, რომ წინასწარ გააფრთხილოს ნებისმიერი პირი მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით", — აცხადებს კობახიძე ფორმულასთან.

ამასთან, ის 5 ივლისს მომხარ მოვლენებს "სამწუხაროს" უწოდებს, თუმცა, ამატებს იმასაც, რომ ამასთან ხელისუფლების დაკავშირება "წმინდა წყლის სპეკულაციაა". მისი თქმით, ხელისუფლებას მომხდარ ძალადობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"თქვენ იცით, რომ ობიექტური მიზეზების გამო ძალიან რთული იყო იქ ძალადობის აღკვეთა, აქედან გამომდინარე, ამ მოვლენების დაკავშირება მთავრობასთან არის წმინდა წყლის სპეკულაცია", — აღნიშნავს პარტიის თავმჯდომარე.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თბილისი პრაიდი გააკრიტიკა და თქვა, რომ ღირსების მარში მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის მიუღებელი და "აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე".

"ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას რომ ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ წესებსა და ტრადიციებს", — აცხადებდა პრემიერმინისტრი.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.