მათთვის, ვინც დარდობს, რომ თავის ასაკში საკმარისის მიღწევა ვერ მოასწრო, მერი შელის ბიოგრაფია სახალისო მოსასმენი სულაც არაა. ამ უკანასკნელმა დღეს უკვე საკულტო რომანად მიჩნეული ნაწარმოები, ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე, სულ რაღაც 18 წლის ასაკში შექმნა. ეს ისტორია "ბიწიერი ხელოვნების ფერმკრთალ სტუდენტსა" და "საზარელ ფანტომზე" არა მხოლოდ გოთიკური ლიტერატურის კლასიკად, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ითვლება. და ახლა, როდესაც მისი პირველი გამოცემა აუქციონზე $1.17 მილიონად გაიყიდა, ფრანკენშტაინმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა: ის ქალის მიერ დაწერილ ყველაზე ძვირადღირებულ ნაბეჭდ წიგნადაც იქცა.

რომანის 1818 წლის პირველი ტირაჟი სულ რაღაც 500 ასლისგან შედგებოდა. როცა მათგან ერთ-ერთი კრისტის აუქციონზე გამოიტანეს, თავდაპირველი სავარაუდო ღირებულება $200 ათასიდან $300 ათასამდე მერყეობდა. თუმცა, ფსონების დადება რომ დაიწყო, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. აქამდე ქალის მიერ დაწერილი ყველაზე ძვირადღირებული ნაბეჭდი წიგნი ჯეინ ოსტინის ემას პირველი გამოცემა გახლდათ, რომელიც 2008 წელს $350 ათასად გაიყიდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წელს ჯოან როულინგის მგოსანი ბიდლის ზღაპრები $3.98 მილიონად გაიყიდა, თუმცა ეს ხელნაკეთი და ილუსტრირებული გამოცემა იყო და არა — ნაბეჭდი.

ფოტო: Christie's

"ფრანკენშტაინი" ლიტერატურის ისტორიაში იმითაც გამოირჩევა, რომ ის სრულად უჩვეულო ვითარებაში შეიქმნა. ამბის თანახმად, მერი შელიმ, რომელიც ფემინისტ მერი უოლსტონკრაფტისა და ფილოსოფოს უილიამ გოდვინის შვილი გახლდათ, წიგნი ერთგვარი მეგობრული შეჯიბრის შედეგად დაწერა. 1816 წელს მერი თავის ქმარ პერსი შელისა და ლორდ ბაირონთან ერთად ჟენევის ტბის ნაპირას ატარებდა ზაფხულს. ისინი გერმანული მოჩვენებების ისტორიების ფრანგული თარგმანების კითხვით იქცევდნენ თავს, როცა ბაირონმა მეგობრები ინტელექტუალურ თამაშში გამოიწვია — მათ თავად უნდა შეეთხზათ მსგავსი საშიში ისტორიები. მერიმ დავალება რომ ერთობ სერიოზულად მიიღო, ამაზე მისი "მისტიკური შიშების გამღვიძებელი", "სისხლის გამყინავი" და "გულის ამაჩქარებელი" ნაწარმოები მოწმობს.

პირველი გამოცემა მერი შელიმ ანონიმურად დაბეჭდა და მას პერსის წინათქმა წაუმძღვარა. წიგნმა ორაზროვანი შეფასება მიიღო. კრიტიკოსთა ნაწილი მწერლის "ორიგინალურ გენიას" და "პოეტური წარმოსახვის უჩვეულო ძალას" აქებდნენ მაშინ, როცა Quarterly Review-ში დაბეჭდილ რეცენზიაში "ავტორის თავისა და გულის სიჯანსაღე" კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული.

მერი შელიმ განახლებული ტექსტი ხელმეორედ 1831 წელს, ამჯერად საკუთარი სახელით გამოსცა და რომანმა მალევე შეძლო თავისი კუთვნილი ადგილის დაკავება ლიტერატურის ისტორიის ფურცლებზე. გარდა იმისა, რომ ტექსტმა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და, ამასთან, არასწორხაზოვანი ურჩხულის სახე დაბადა, მასში არაერთი ისეთი ფილოსოფიური კითხვაც დაისვა, რომელიც მომდევნო საუკუნეებში მრავალი მწერლისა და მოაზროვნის შთაგონების წყაროდაც იქცა.

მერი შელიმ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრად ჩამოყალიბებამდე მოახერხა მისი განმსაზღვრელი თემების გამოკვეთა. მისი ნაწარმოები ადამიანის, ბუნების და ტექნოლოგიის არსსა და მათ ურთიერთკავშირებზე დღემდე აფიქრებს მკითხველს.