ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ექსპერემიერმა გიორგი გახარიამ იცოდა, რომ საქართველოში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობდა. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება.

"გახარიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოში იყო ტოტალური მოსმენები. მე ნამდვილად მჯერა და ვიცი, არ არის ეს ჰაერიდან მოტანილი, რომ ლილუაშვილი არის პირდაპირ კავშირზე, პირდაპირი არხი აქვს ბიძინა ივანიშვილთან, მას არავითარი ანგარიშვალდებულება არ აქვს ღარიბაშვილთან, არ ჰქონია ვალდებულება გახარიასთან, მაგრამ გახარას წარდგენით და ღარიბაშვილის წარდგენით არის ეს ადამიანი დანიშნული, ანუ, ჩვენ გვყავს სუს, რომელიც არაფორმალურ ლიდერს ემორჩილება", — განაცხადა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.

17 სექტემბერს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარია აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, სადაც ამტკიცებდა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ასეთი მასშტაბური მოსმენებისა და მიყურადების შესახებ. მისივე თქმით, არც პრემიერმინისტრობისას და არც შს მინისტრობისას არ იცოდა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ჩანაწერების ნაწილი, სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის თარიღებს ემთხვევა.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებსა და ლიდერებს და ამ ადამიანებთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს. ამასთან, ჩამონათვალში შეხვდებით კონკრეტული სასულიერო პირების მძღოლებს, საპატრიარქოს დაცვას, სტიქაროსნებს, თეოლოგებსა და სამების დამლაგებელსაც კი. ფაილებს შორის არის ინფორმაცია საპატრიარქოში რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ავთენტურობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. 14 სექტემბერს საქმეზე გამოძიება პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაიწყ, 18 სექტემბერს კი დამატებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ გამოძიება ფარული მასალების შემდგენსა და მომპოვებლებსაც ეძებს. მათივე განცხადებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვისა და გამოთხოვის მიზნით მიმართეს.

გაიგეთ მეტი: