საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დუმის არჩევნებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც მონაწილეობენ. უწყების ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების 20-მდე უბანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიხსნა.

"ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში — რუსულ პარტიებთან ერთად — ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე", — აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობა მათი იძულებითი პასპორტიზაციის შედეგია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება უკანონოა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", — წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს.

გაიგე მეტი: