"საფუძვლიანი" ეჭვი არსებობს, რომ გამოთქმაში "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო" თავდაპირველად ძაღლი ფიგურირებდა, თუმცა, შესაბრალისი თვალებით და უმანკო გამომეტყველებით, ადვილად დაიყოლიეს ადამიანი, ანდაზის მოქმედი პირი შეეცვალათ.

ხუმრობა იქით იყოს და ძაღლის პატრონები ნამდვილად დაგვეთანხმებიან, როგორ ადვილად ეცვლებათ ხასიათი ამ ცნობისმოყვარე არსებებს და როგორ შეუძლიათ, ზუსტად ერთ წუთში დამჯერიდან ურჩ და თავნება ცუგად გადაიქცნენ. ამაში დარწმუნდა BBC-ზე ამინდის პროგნოზის გამომცხადებელიც, როცა გზამკვლევმა ძაღლმა, სახელად ფლეშმა, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ეთერში გადააყირავა.

59 წლის ქეროლ კირკვუდი ჩართვის შემდეგ, ცალი ხელით სტუდიაში მყოფ კოლეგებს ემშვიდობებოდა, მეორე ხელით კი ფლეშს ეფერებოდა, როცა ამ უკანასკნელმა აშკარად უფრო საინტერესო გასართობი შენიშნა და მისკენ გაიწია. ლაბრადორის გაფაციცებული მზერა ქეროლმა "ოპერატორით დაინტერესებით" ახსნა.

ის-ის იყო, ქეროლმა ამაყად განაცხადა, ფლეში "ძალიან კარგად გაწვრთნილი" ძაღლიაო, რომ ძაღლმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადაწყვიტა კადრიდან გასვლა.

ქეროლ კირკვუდი "ინციდენტის" შემდეგ, კადრს მიღმა.

ფოტო: Jeremy Selwyn

თუმცა, ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. მართალია, ჟურნალისტს ყურსასმენი დაუვარდა და ცოტა ხნით სამსახურთან კავშირი დაკარგა, მაინც დარცხვინების გარეშე დასძინა, მე კი კარგად ვარ, მაგრამ ფლეში ძალიან ძლიერი ყოფილაო.