ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "კოკაინზე პრობლემა" მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავისი საქმიანობებით კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუკავშირდა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას: "მისი ნარკოდამოკიდებულება იმ დროს არ შეგიმჩნევიათ, როდესაც თქვენი გუნდის წევრი იყო?".

"არათუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა არ ჰქონია მაშინ, იმ დროისათვის. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: ხარი ხართან დააბი და ასე შემდეგ. როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არამარტო ნარკოტიკებთან, კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა.

კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებული. ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას [...] როდესაც ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის შემდეგ სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს", — განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარიამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ვენის ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა.

ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს. 10 სექტემბერს მან, ასევე, განაცხადა, რომ ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით "საინტერესო ინფორმაციას" გაამხელდა.

გაიგე მეტი: