ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მშვიდია. მისი თქმით, მმართველი პარტია "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდი და მშვიდობიანი გარემო შენარჩუნდეს".

"თქვენ ხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, მშვიდობიან გარემოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ამ წინასაარჩევნოდ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პროვოკაცია, ერთი იყო ქარელში, მეორე ხელვაჩაურში. ერთი იყო ტელევიზიის შესრულებით, მეორე — უშუალოდ პარტიული აქტივის შესრულებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმედია დასრულდება და იმედია არ გაგრძელდება პროვოკაცია", — განაცხადა მან.

სავარაუდო უკანონო მოსმენებისა და ფარული ჩანაწერების გასაჯაროების მიუხედავად, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ წინაასარჩევნო გარემო "მშვიდად" 16 სექტემბერსაც შეაფასა. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში "არაფერი ხდება".


13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: