დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კომპანია ალმას გარე ბილბორდებზე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს. გამყრელიძის თქმით, ამ შინაარსის წერილი კომპანიას დღეს ოფიციალურად გაუგზავნეს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და ადამიანს აქვს.

NCDC-ის დირექტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ ბანერების შეცვლის თაობაზე მათ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ და

"Covid-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად, როდესაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება.

ამასთან, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებლო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო შემთხვევას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად", — აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების მთავარი გზა.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს.

18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო.

დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.