სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, მმართველი პარტია ისეთ პოლიტიკურ ხერხებს, როგორიცაა ბანერები "არა ნაცებს, არა ბოროტებას" მაშინ მიმართავს, როდესაც ძალიან უჭირს. მისივეე თქმით, ქართულ ოცნებას შიდა კვლევებით მაღალი რეიტინგი არ აქვს, ამიტომ "ასჯერ ნაცად გზაზე" წავიდნენ.

"ეს არის ნიშანი, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს. როდესაც მას ძალიან უჭირს, მაშინ აკრავს, აი, ამ ბანერებს. ასე იყო 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, ასე იყო წინა არჩევნებზე, ასე არის ახლა ამ არჩევნებზე", — აცხადებს ჩიხლაძე.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს". დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.

კითხვას, არის თუ არა ხელისუფლება და თავად ქალაქის მერი პასუხისმგებელი ბანერების განთავსებაზე, კახა კალაძე უარყოფითად პასუხობს და მედიას მოუწოდებს, იმ კონკრეტულ ადამიანებს მიმართონ, ვინც ისინი გამოაკრა.

ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

მანამდე, 24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" გამოჩნდა, თუმცა, ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.