ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლების გახსნის შემდეგ, მათი კვლავ დახურვა არ გახდეს საჭირო. მისი თქმით, მთავარი მიზანია, რომ სკოლები გახნილ მდგომარეობაში შენარჩუნდეს.

"სკოლების გახსნა და გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ჩვენთვის მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია ის, რომ როცა გაიხსნება სკოლა, შემდეგ აღარ მოგვიხდეს მისი ისევ თავიდან დახურვა. ამასთან დაკავშირებით ახლა, მიმდინარე პერიოდში NCDC და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა. მანამდე მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ქვეყანაში და ამის მიხედვით შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილება", — განაცხადა მან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურად, არამედ 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ. განალების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს.