ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მოსმენებზე განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე.

"ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადამიანები იმ საშინელებას, რომ ზოგადად, ტოტალურად განურჩევლად ყველას უსმენენ. როცა ვახსენე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ჩვენ ვიცით, რომ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად კი არა, მე მგონი, არ ხდებოდა.

მე იმედი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ, თუ რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე, ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან რაც შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება", — ამბობს მეუფე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ყველგან.

"რაკიღა ეს მასალა, ეს ზღვა ინფორმაცია საზოგადოებაში გადმოიღვარა, ალბათ, ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს შესაბამისი მსჯელობის საგანი ყველგან", — აცხადებს ის.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე საპატრიარქოსთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირების პირად ცხოვრებაზე და იკვეთება სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები, მათ შორის პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ათასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: