დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, NCDC გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"მასმედიის საშუალებებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა NCDC-ს დაუკავშირა.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ NCDC არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს.

დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.