თანამედროვეობაში ხელოვნებამ ცხოვრების ტემპს ფეხი აუწყო და მასავით დინამიკური გახდა. გლობალურმა სივრცემ ხელოვანებს, ერთი მხრივ, ამ ტემპთან დაწევის, მეორე მხრივ კი, საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის საშუალება მისცა. პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს არაერთ ქალაქში კვლავ იმართება გამოფენები, მათ შორისაა ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა art3f, რომელსაც ამჯერად, 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე, ლუქსემბურგი მასპინძლობს.

ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებს ქართველი მხატვარი, ლუკა ვადაჭკორიაც, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან შერჩეულ 100 თანამედროვე ხელოვანს შორის აღმოჩნდა.

3 მეტრი სიმაღლის კედლებით, LED განათებებითა და ფართო კორიდორებით მოწყობილი art3f მხატვრებს უნიკალურ საგამოფენო სივრცეს სთავაზობს. ფესტივალის თითოეული მონაწილე პროფესიონალების მიერ საგანგებოდ ირჩევა მიღებული აპლიკაციებიდან. გამოფენა-გაყიდვის სახის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას დასავლეთ ევროპაში ყოველწლიურად მასპინძლობს საფრანგეთი, მონაკო, ბელგია და ლუქსემბურგი.

ფოტო: ლუკა ვადაჭკორია

წლევანდელ რჩეულებს შორის, როგორც უკვე ვთქვით, ლუკა ვადაჭკორიაცაა. ლუკამ 2009 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მის მიერ შექმნილი ექსპრესიული და სიურრეალისტური ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კერძო კოლექციებშია დაცული. მაგალითად, ფერწერული ტილო ჯაზი საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებაა.

ფოტო: ლუკა ვადაჭკორია

art3f-ზე ლუკა ოთხი ნამუშევრით არის წარმოდგენილი. მომავალი წლის აპრილისთვის კი მხატვარი კოპენჰაგენის საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული.

3-დღიანი გამოფენა ლუქსემბურგში 19 სექტემბერს დასრულდება.