სკოლის მოსწავლე ბიჭები, რომლებიც 1965 წელს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ, სულაც არ მოქცეულან უილიამ გოლდინგის ბესტსელერის სცენარის მიხედვით. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს დანიელი ისტორიკოსის და მწერლის, რათგა ბრეგმანის წიგნიდან, კაცობრიობა, სადაც ის ამ უბედური შემთხვევის ანალიზის საფუძველზე ადამიანური ბუნების ბნელ და ნათელ მხარეებს იკვლევს.

დასავლურ კულტურაში საუკუნეებია, ფესვგადგმულია იდეა, რომ ადამიანები ეგოისტი ქმნილებები არიან. კაცობრიობის ამგვარ ცინიკურ აღქმას ბევრ ფილმში, რომანში, ისტორიულ წიგნსა თუ სამეცნიერო ნაშრომში ვაწყდებით. თუმცა ბოლო ოცი წელია, რაც რაღაც განსაკუთრებულის მოწმენი გავხდით. მეცნიერებმა პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან კაცობრიობის ბევრად უფრო იმედისმომცემი მოდელის შექმნა დაიწყეს. ეს გარდატეხა იმდენად ახალია, რომ სხვადასხვა სფეროში მომუშავე მკვლევრებმა, რომლებიც ამ ხედვას იზიარებენ, ხშირად ერთმანეთის არსებობის შესახებ არც კი იციან.

როდესაც ამ იმედისმომცემ შეხედულებაზე წიგნის წერა დავიწყე, ვიცოდი, რომ ერთი ამბავი აუცილებლად გამომადგებოდა. მოვლენები წყნარი ოკეანის რომელიღაც უკაცრიელ კუნძულზე ვითარდება. იქ თვითმფრინავი ვარდება და გადარჩენილთა შორის მხოლოდ ბრიტანელი სკოლის მოსწავლე ბიჭები არიან. ისინი თავიანთ იღბალს ვერ იჯერებენ: მათ განკარგულებაში ხომ თვალუწვდენელი სანაპირო, ნიჟარები, აუარება წყალი და, რაც მთავარია, არცერთი ზრდასრულია.

პირველივე დღეს ისინი დემოკრატიის მსგავს სისტემას აარსებენ. ერთ-ერთ ბიჭს, სახელად რალფს, ჯგუფის ლიდერად ასახელებენ — ის ათლეტურია, ქარიზმატული და მოხდენილი. რალფის თამაშის წესები მარტივია: გართობა, გადარჩენა და კოცონის დანთებაზე ზრუნვა, რათა ჩამავალმა გემებმა სიგნალი მიიღონ. პირველი წესი წარმატებით ხორციელდება, მაგრამ როგორ ასრულებენ ისინი დანარჩენ ორს? არცთუ ისე წარმატებულად, რადგან ბიჭები ნადიმობითა და გართობით უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ცეცხლის დანთებაზე ზრუნვით. სულ მალე ისინი სახეებს იხატავენ, ტანსაცმლის ტარებაზე უარს აცხადებენ და ჩქმეტის, რტყმის და კბენის დაუოკებელ სურვილს ნებდებიან.

"გოლდინგს ჰქონდა უზადო ნიჭი, ოსტატურად გადმოეცა ადამიანში ჩაბუდებული ყველაზე შავბნელი მხარე".

იმ დროისათვის, როცა ნაპირზე ბრიტანული ფლოტის ოფიცერი დადგამს ფეხს, კუნძული გაპარტახებულია. მეტიც, ბავშვთაგან სამი (sic) მკვდარია. "მე მეგონა..." — ამბობს ფლოტის უფროსი, — "ბრიტანელი ბიჭების გუნდი სიტუაციას ამაზე უკეთ გაართმევდა თავს". ამ სიტყვების გაგონებაზე რალფი ცრემლებს ვერ იკავებს. "რალფი გულამოსკვნილი დასტიროდა უმანკოების დასასრულს", — ვკითხულობთ ჩვენ, — "დასტიროდა ადამიანის გულში ჩაბუდებულ სიბნელეს".

ეს ამბავი რეალურ ცხოვრებაში არასდროს მომხდარა. ისტორია ინგლისელმა სკოლის მასწავლებელმა, უილიამ გოლდინგმა 1951 წელს შეთხზა და იმ ნაწარმოებად აქცია, რომელიც ბუზთა ბატონის სახელით გახდა ცნობილი. წიგნმა დიდი წარმატება მოიპოვა, გაიყიდა მისი მილიონობით ასლი, ითარგმნა ოცდაათზე მეტ ენაზე და მეოცე საუკუნის საკულტო ნაწარმოებების სიაში საპატიო ადგილიც დაიმსახურა. დღევანდელი გადმოსახედიდან წიგნის ამგვარი წარმატების საიდუმლო ნათელია. გოლდინგს ჰქონდა უზადო ნიჭი, ოსტატურად გადმოეცა ადამიანში ჩაბუდებული ყველაზე შავბნელი მხარე. ამასთან, წიგნის პოპულარობას, რა თქმა უნდა, იმანაც შეუწყო ხელი, რომ 1960-იან წლებში ახალი თაობა მშობლებს მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეზე პასუხებს სთხოვდა. მათ აინტერესებდათ, საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარი ანომალია იყო თუ — თითოეულ ჩვენგანში იმალება ნაცისტი.

ბუზთა ბატონი პირველად თინეიჯერობისას წავიკითხე. მახსოვს, რომ ადამიანური ბუნებისადმი იმედგაცრუება ვიგრძენი, თუმცა მაშინ წამიერადაც არ შემიტანია ეჭვი იმაში, რომ კაცობრიობის გოლდინგისეული ხედვა მცდარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს აზრი იქამდე არ გამჩენია, სანამ რამდენიმე წლის შემდეგ ავტორის ცხოვრების დეტალებით არ დავინტერესდი. სწორედ მაშინ გავიაზრე, თუ რაოდენ ტრაგიკული ადამიანი ყოფილა ის: ალკოჰოლზე დამოკიდებული და დეპრესიისადმი მიდრეკილი. "მე ყოველთვის მესმოდა ნაცისტების", — აღიარებდა გოლდინგი — "რადგან ბუნებით მეც მათნაირი ვარ". და მან "ნაწილობრივ სწორედ ამ სევდის მომგვრელი თვითშეფასების" შედეგად შეთხზა ბუზთა ბატონი.

ამ აღმოჩენამ იმაზეც დამაფიქრა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ვინმეს შესწავლილი, თუ რას გააკეთებდნენ უკაცრიელ კუნძულზე მარტოდმარტო მოხვედრილი ბავშვები. ამის შესახებ სტატიაც დავწერე, ბუზთა ბატონისეული სცენარი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს შევადარე და დავასკვენი, რომ რეალურ გარემოში ბავშვები განსხვავებულად მოიქცეოდნენ. მაგრამ ყველა ჩემი მაგალითი ეყრდნობოდა ბავშვების ქცევებს სახლში, სკოლასა თუ საზაფხულო ბანაკში, რამაც სტატიის მკითხველები სკეპტიკურად განაწყო. სწორედ აქ გაღვივდა ჩემი სურვილი, მომეძებნა რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბავი, რომელიც ბუზთა ბატონის სცენარის მსგავსი იქნებოდა. ინტერნეტში თავგამოდებული ძიების შედეგად ერთ ნაკლებად ცნობილ ბლოგს გადავაწყდი, რომელიც გამაოგნებელ ამბავს იუწყებოდა: "1977 წლის ერთ დღეს ექვსი ბიჭი ტონგიდან ზღვაში სათევზაოდ გავიდა... ისინი შტორმში მოყვნენ და შედეგად უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ. გაინტერესებთ, როგორ მოიქცა ეს პატარა ტომი? ბიჭებმა შეთანხმება დადეს, რომ არასოდეს იკამათებდნენ".

სტატიაში არანაირი წყარო არ იყო მითითებული, მაგრამ ხანდახან იღბალი ჩვენს მხარესაა ხოლმე. ერთხელაც, როცა ინტერნეტში გაზეთების არქივებში ვიქექებოდი, თარიღი შემთხვევით არასწორად მივუთითე და ამის შემდეგ ყველაფერი გაცხადდა. თურმე, ბლოგში 1977 წელი შეცდომით ეწერა და სინამდვილეში კუნძულზე დაკარგული ბიჭების ამბავი 1966 წელს უკავშირდებოდა. ამ ახალმა თარიღმა ავსტრალიურ ჟურნალ The Age-ამდე მიმიყვანა, რომლის 1966 წლის ექვსი ოქტომბრის ნომრის ერთმა სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება. კუნძულზე მოხვედრილი ტონგელები — ასე ერქვა სტატიას, რომელიც მისი დაწერიდან სამი კვირით ადრე ნაპოვნი ექვსი ბიჭის ამბავზე ჰყვებოდა. მათთვის ტონგის სამხრეთით მდებარე ქვიან კუნძულზე მიეკვლიათ. ბიჭები, რომლებიც კუნძულ ატაზე ერთ წელზე მეტი იყვნენ გამომწყვდეულნი, ავსტრალიელმა გემის კაპიტანმა იპოვა. სტატიაში ისიც ეწერა, რომ კაპიტანს სატელევიზიო არხის გუნდთან ერთად ბიჭების თავგადასავლის შესახებ სიუჟეტიც კი გადაეღო.

თავში ათასი შეკითხვა მიტრიალებდა. იყვნენ თუ არა ბიჭები ჯერ კიდევ ცოცხლები? შემეძლო თუ არა იმ სატელევიზიო კადრების ხილვა? თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამბის გასაღებს უკვე ვფლობდი: მე კაპიტნის სახელი ვიცოდი. როდესაც ინტერნეტში პიტერ უორნერის სახელის ძიება დავიწყე, იღბალი ისევ ჩემს მხარეს აღმოჩნდა. ავსტრალიის ქალაქ მაკაის ადგილობრივი გაზეთის ბოლოდროინდელი ნომრის ერთ-ერთი სათაური იუწყებოდა: მეგობრები, რომლებსაც ორმოცდაათწლიანი წარსული აკავშირებთ. სტატიაში დაბეჭდილი იყო პატარა სურათიც, რომელშიც ერთ კაცს მეორეზე ხელი ჰქონდა გადახვეული და ორივენი იღიმოდნენ. სტატია ამ სიტყვებით იწყებოდა: "ტულერაში, ლისმორთან ახლოს, ბანანის პლანტაციებში ორი უჩვეულო მეგობარი ზის... უფროსი 83 წლისაა და შეძლებული მეწარმის შვილია. მეორე კი 67 წლისაა და ბუნების შვილობილადაა მონათლული". გაინტერესებთ, რა ერქვათ მათ? პიტერ უორნერი და მანო ტოტაუ. ისიც გაინტერესებთ, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი? სად და, უკაცრიელ კუნძულზე!

ამ აღმოჩენის შემდეგ მე და ჩემმა ცოლმა, მარჯიმ ბრიზბენში მანქანა ვიქირავეთ, გუგლის რუკაც დავიხმარეთ, რომელმაც გეზი სრულად გაუგებარი ადგილისაკენ აგვაღებინა და დაახლოებით სამი საათის შემდეგ დანიშნულების ადგილას ამოვყავით თავი. ისიც იქ იყო, გრუნტიანი გზის პირას აშენებული დაბალი სახლის წინ იჯდა: ადამიანი, რომელმაც ორმოცდაათი წლის წინ ექვსი ბიჭის სიცოცხლე გადაარჩინა.

კადრი ბუზთა ბატონის 1963 წლის ეკრანიზაციიდან, რომელშიც სკოლის მოსწავლეების ველურ ქცევას ვხედავთ.

ფოტო: Ronald Grant

პიტერ უორნერის მამა, ართურ უორნერი ერთ დროს ავსტრალიის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანი იყო. 1930-იან წლებში ართური უშველებელ კომერციულ იმპერიას, ელექტრონულ ინდუსტრიას, მართავდა, რომელიც ქვეყნის რადიოსივრცეს განაგებდა. პიტერს მამის საქმიანობის მემკვიდრედ ამზადებდნენ, თუმცა მას განსხვავებული ინტერესები ჰქონდა და 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავგადასავლების საძიებლად ზღვაში გასულიყო. მან ზღვაოსნურ მოგზაურობებში რამდენიმე წელი გაატარა — გაიარა საზღვაო მარშრუტები ჰონგ-კონგიდან სტოკჰოლმამდე, შანხაიდან სანკტ-პეტერბურგამდე. ხუთი წლის შემდეგ კი, როცა თავნება პიტერმა მამას შვედი კაპიტნის სერტიფიკატი სიამაყით წარუდგინა, უკმაყოფილო ართურმა შვილს უფრო გამოსადეგი პროფესიის არჩევა მოსთხოვა. "ყველაზე მარტივი რომელია?" — შეეკითხა პიტერი მამას. "ბუღალტერია", — იცრუა ართურმა.

მიუხედავად იმისა, რომ პიტერს ზღვა უხმობდა, საბოლოოდ მაინც მამის სურვილს დაყაბულდა. თუმცა როცა შესაძლებლობა ჰქონდა, ტასმანიაში სათევზაოდ წასვლის შანს ხელიდან არ უშვებდა. სწორედ ამ ჩვევამ მიიყვანა ის 1966 წელს ტონგაში. უკვე სახლისკენ მიცურავდა, როცა პიტერმა მარშრუტს ოდნავ გადაუხვია და სწორედ ამ დროს ლურჯ ზღვაში მოქცეული პაწაწინა კუნძული, სახელად ატა, შეამჩნია. ატა ერთ დროს დასახლებული იყო, თუმცა როდესაც 1863 წლის ავბედით დღეს ზღვის ჰორიზონტზე მონათმფლობელების ხომალდი გამოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობა გაიტაცეს და კუნძულიც გაუკაცრიელდა. მას შემდეგ ატა დაწყევლილ და ყველასაგან მივიწყებულ ადგილად ითვლებოდა.

პიტერი, რომელიც არე-მარეს ბინოკლით ათვალიერებდა, რაღაც უცნაურის მოწმე გახდა. მან მწვანე ფრიალო კლდეებზე ამომწვარი ადგილები დაინახა. "ტროპიკებში ცეცხლი სპონტანურად არ ჩნდება ხოლმე", — აგვიხსნა მან ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბის გახსენებისას. შემდეგ პიტერმა ბიჭი შენიშნა, ის შიშველი იყო და თმები მხრებამდე დაგრძელებოდა. ამ ველურმა არსებამ კლდიდან ისკუპა და წყალში თავით ჩაეშვა. უეცრად სხვა ბიჭებიც გამოჩნდნენ, ისინიც წყალში გადაეშვნენ და თან ბოლო ხმაზე ყვიროდნენ.

პირველმა ბიჭმა გემს მალევე მიაღწია. "სტეფანი მქვია", — იყვირა მან გამართული ინგლისურით, — "სულ ექვსნი ვართ და, მგონი, თხუთმეტი თვეა, რაც აქ ვართ".

გემის ბაქანზე ამოსულმა ბიჭებმა პიტერს ამცნეს, რომ ტონგის დედაქალაქში, ნუკუალოფას სკოლა-პანსიონში სწავლობდნენ. სასწავლებლის საკვები ყელში რომ ამოუვიდათ, ერთ დღეს ნავით სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ საუბედუროდ, შტორმში მოყვნენ. პიტერს ეს ისტორია დამაჯერებლად ეჩვენა. მან მაშინვე რაცია მოიმარჯვა და ნუკუალოფას სამხარეო ოპერატორს დაუკავშირდა. "აქ ექვსი ბავშვი მყავს", — უთხრა პიტერმა ოპერატორს. "დამელოდეთ", — მიუგო ოპერატორმა და პასუხი ოცი წუთის შემდეგ დაუბრუნა (როცა პიტერი ამბის ამ ნაწილს ჰყვებოდა, თვალები დაენამა). როცა ოპერატორი ხაზზე გამოვიდა, გულაჩუყებული ხმით წარმოთქვა: "თქვენ ისინი იპოვეთ! ეს ბიჭები ყველას გარდაცვლილი ჰგონია, მათ დაკრძალვის ცერემონიალიც კი მოუწყეს. თუ მართლა ის ბიჭები არიან, ეს ნამდვილი სასწაულია!"

პიტერთან ამ საუბრის მერე თვეების განმავლობაში ვცდილობდი, რომ კუნძულ ატაზე განვითარებული მოვლენები სრულყოფილად აღმედგინა. პიტერის მახსოვრობა 90 წლის ასაკშიც კი შთამბეჭდავი იყო. ყველაფერი, რაც მან გაიხსენა, სრულად დაემთხვა მონაყოლს მანოსგან, რომელიც ამასობაში ჩემი კვლევების მთავარ წყაროდ იქცა. მანო მაშინ 15 წლის იყო, დღეს კი უკვე 70 წელსაა მიღწეული და პიტერის სახლიდან მანქანით რამდენიმე საათის სავალზე ცხოვრობს. ნამდვილმა "ბუზთა ბატონმა", მანომ გვითხრა, რომ ეს ამბავი 1965 წლის ივნისში დაიწყო და მისი პროტაგონისტები ექვსი ბიჭი — სიონი, სტივენი, კოლო, დევიდი, ლუკი და მანო არიან. ბიჭები ნუკუალოფას კათოლიკურ სკოლა-პანსიონში მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. მათგან ყველაზე უფროსი — 16 წლის, ყველაზე უმცროსი კი 13 წლის იყო და მათ აუტანელი მოწყენილობის გრძნობა აერთიანებდათ. შედეგად, ბიჭებმა გაქცევის გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, 800 კილომეტრის მოშორებით მდებარე კუნძულ ფიჯიმდე უნდა მიეღწიათ. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო: ბიჭები, საბოლოოდ, ახალ ზელანდიამდე მისვლასაც კი გეგმავდნენ.

გეგმის განსახორციელებლად ბიჭებს მხოლოდ ერთი დაბრკოლება ჰქონდათ: ნავის უქონლობა. მათ გადაწყვიტეს, "ესესხათ" ნავი მეთევზე ტანიელა უჰილასაგან, რომელიც გულზე არცერთს არ ეხატებოდა. ვოიაჟისათვის მზადებას დიდი დრო არ წაუღია — ბიჭების ბარგს მხოლოდ ორი შეკვრა ბანანი, რამდენიმე ქოქოსი და ერთი პატარა გაზქურა წარმოადგენდა. რუკის წაღება კი აზრადაც არავის არ მოსვლია, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპასზე.

იმ საღამოს არავის შეუნიშნავს, როგორ დატოვა პატარა ნავმა ნავსადგური. ცა მოწმენდილი იყო და ზღვის სიმშვიდეს მხოლოდ ნაზი ნიავი თუ არღვევდა. თუმცა იმ ღამეს ბიჭებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს — მათ ჩაეძინათ. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი თავებზე წყლის გადასხმამ გამოაღვიძა. უკუნი ღამე იყო. მათ სასწრაფოდ ასწიეს აფრები, რომელიც ქარიშხალმა წამში ნაკუწებად აქცია. ამის შემდეგ საჭეც მოიშალა. "ზღვა თავის ნებაზე რვა დღის განმავლობაში გვატარებდა. აღარც საჭმელი გვქონდა და აღარც წყალი", — მიყვებოდა მანო. ბიჭებმა თევზის ჭერა დაიწყეს. მათ წვიმის წყლის გამოშიგნულ ქოქოსში მოგროვება შეძლეს და თანაბრად ინაწილებდნენ — თითოეული მათგანი დილით და საღამოს თითო ყლუპს სვამდა.

მერვე დღეს ჰორიზონტზე სასწაული გამოჩნდა. ეს პატარა კუნძული იყო, თუმცა იგი ისეთ ტროპიკულ სამოთხეს სულაც არ ჰგავდა, რომელიც მოლივლივე პალმის ხეებითა და სანაპიროს ქვიშითაა სავსე. ეს მასიური ქვებით სავსე ტერიტორია იყო, რომელიც შუა ოკეანეში საშიშად ამოზრდილიყო. "ატა დაუსახლებელ ადგილად იყო მიჩნეული", — წერს კაპიტანი უორნერი თავის მოგონებებში, — "თუმცა როდესაც ადგილზე მივედით, კუნძულს ადამიანის ხელი ეტყობოდა, რადგან იქ გაშენებული ხეხილის ბაღი, წვიმის წყლის შესანახად ამოცარიელებული ხის მორები, სავარჯიშოდ განკუთვნილი სხვადასხვა წონის უცნაური მოწყობილობები, ბადმინტონის კორტი, საქათმე და მუდმივად დანთებული ცეცხლი დაგვხვდა. ეს ყველაფერი ბიჭებმა საკუთარი ხელით შექმნეს, რისთვისაც ძველი დანის პირი და დიდი მონდომება გამოიყენეს". ბუზთა ბატონში პერსონაჟები ცეცხლის დანთებას ხელჩართულ ჩხუბს ამჯობინებენ; რეალურ ცხოვრებაში კი ბიჭებმა ცეცხლი ისე ააგიზგიზეს, რომ ის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ჩამქრალა.

პიტერ უორნერის (მარცხნიდან მესამე) ეკიპაჟი, მათ შორის კუნძულ ატაზე გადარჩენილი ბიჭებიც, 1968 წელი.

ფოტო: Fairfax Media Archives / Getty Images

ბიჭები შეთანხმდნენ, რომ ისინი ორ ჯგუფად დაიყოფოდნენ და ბაღის მოვლისათვის, საკვების მომზადებისათვის და ყარაულობის განრიგისათვის მკაცრ წესებს შეიმუშავებდნენ. ისინი ზოგჯერ ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ ასეთ დროს ჩხუბისთავებს სასჯელის სახით ცოტა ხნით განმარტოება უწევდათ. ბიჭების დღეები სიმღერითა და ლოცვით იწყებოდა და სრულდებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, კოლომ სახელდახელო გიტარა გააკეთა, რომლისთვისაც ხის ნაწილები, ქოქოსის ნახევარი და დამსხვრეული ნავისაგან გადარჩენილი ექვსი ფოლადის მავთული გამოიყენა. ბიჭებიც ამ გიტარაზე უკრავდნენ და თავიანთ თავს მხნეობას მატებდნენ, რაც მაშინ მართლაც ძლიერ ესაჭიროებოდათ (ამდენი წელი გავიდა და პიტერს ეს ინსტრუმენტი ახლაც შენახული აქვს). ზაფხულის განმავლობაში კუნძულზე ათასში ერთხელ თუ გაწვიმდებოდა, ამიტომაც ბიჭებს წყურვილის ატანა გამუდმებით უწევდათ. მათ კუნძულისგან თავის დასაღწევად ტივის გაკეთებაც სცადეს, მაგრამ ის ტალღებთან შეჯახებისას ნაწილებად დაიშალა.

ყველა ამ განსაცდელს ისიც დაემატა, რომ ერთ დღეს სტივენი კლდიდან ჩამოვარდა
და ფეხი მოიტეხა. ბიჭები სტივენის ვარდნის ტრაექტორიას ჩაჰყვნენ და ის საერთო ძალებით უკან ამოიყვანეს. მეგობრებმა სტივენის ფეხი ჯოხებისა და ფოთლების დახმარებით დააფიქსირეს. "არ იდარდო", — გაეხუმრა სიონი, — "სანამ აქ მეფე ტაუფა’აჰაუ ტუპოუსავით იქნები წამოწოლილი, შენს გასაკეთებელს ჩვენ მივხედავთ".

ისინი თავს, ძირითადად, ირჩენდნენ თევზაობით, ქოქოსების ჭამითა და მოთვინიერებული ჩიტებით, რომელთა ხორცს — საჭმელად, სისხლს კი სასმელად იყენებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ბიჭებმა კუნძულის უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს, ვულკანური კრატერი აღმოაჩინეს, სადაც საუკუნის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ. ბიჭებმა იქვე იპოვეს ველური ტარო, ბანანები და ქათმებიც კი, რომლებიც მას მერე 100 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ გამრავლებას, რაც კუნძული უკანასკნელმა მოსახლეებმა დატოვეს.

"ცხოვრებისაგან ბევრი საოცარი რამ ვისწავლე იმ გაკვეთილის ჩათვლით, რომ ადამიანებში ყოველთვის კარგი და დადებითი უნდა დამენახა",

პიტერ უორნერი

საბოლოოდ, ბიჭები 1966 წლის 11 სექტემბერს იპოვეს. მოგვიანებით ადგილობრივმა ექიმმა გაოცება ვერ დამალა იმის დანახვაზე, თუ როგორი ჯანსაღები იყვნენ ისინი და როგორ იდეალურად მოშუშებულიყო სტივენის ფეხი. მაგრამ ბიჭების თავგადასავალი აქ არ დასრულებულა. როცა პიტერის გემზე ნუკუალოფას პოლიცია ავიდა, მათ ბიჭები დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ამის მიზეზი ბატონ ტანიელა უჰილასაგან "ნასესხები" ნავი იყო, რომლითაც ისინი ზღვაში თხუთმეტი თვის წინ გავიდნენ. უჰილას გაცოფება თხუთმეტი თვის შემდეგაც არ განელებოდა და ბრალდების წაყენება გადაეწყვიტა.

ბიჭების საბედნიეროდ, პიტერმა გეგმა შეიმუშავა. მან გააცნობიერა, რომ ეს მთლიანი ისტორია ჰოლივუდური ამბავი იყო. და რადგანაც პიტერი მამამისის კორპორაციული ბუღალტერი იყო, ის კომპანიის საქმეების მედიასივრცეში გაშუქების ნაწილსაც განაგებდა და ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებსაც იცნობდა. ამგვარად, ტონგაში მყოფი პიტერი სიდნეის მე-7 არხის მენეჯერს დაუკავშირდა და ამბის სიუჟეტად ქცევა შესთავაზა. ამის შემდეგ პიტერმა ბატონ უჰილას ძველი ნავის საფასური, 150 ფუნტი გადაუხადა და ბიჭები იმ პირობით გაათავისუფლებინა, რომ ისინი მისი დოკუმენტური ფილმის გადაღებაში მონაწილეობას მიიღებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მე-7 არხის ჯგუფიც ადგილზე გამოცხადდა.

ბიჭების შინ დაბრუნებას ოჯახები არნახული ზეიმით შეხვდნენ. მათ კუნძულ ჰააფევას თითქმის მთლიანი მოსახლეობა — რომელიც ცხრაას ადამიანს ითვლიდა — სიხარულით შეეგება. პიტერი ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. კაპიტანი მალევე მეფე ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV-მ თავისთან მიიწვია და საჯაროდ გაესაუბრა. "მადლობას გიხდით, რომ ჩემი ექვსი მოქალაქე გადაარჩინეთ", — უთხრა მისმა უდიდებულესობამ, — "არის ისეთი რამ, რითაც შემეძლება დახმარების ხელი გამოგიწოდოთ?" კაპიტანი არც კი დაყოვნებულა, მაშინვე უპასუხა: "დიახ! მსურს, თქვენს წყლებში კიბორჩხალები დავიჭირო და ამ გზით აქ ბიზნესი წამოვიწყო", რაზეც მეფემ თანხმობა განაცხადა. პიტერსაც მეტი რა უნდოდა, სიდნეიში დაბრუნდა, მამის კომპანიაში თანამდებობა დატოვა და ახალი გემი შეიძინა. შემდეგ პიტერმა ექვსივე ბიჭი თავისთან ჩაიყვანა და ის მისცა, რისი სურვილიც გახდა მთელი მათი თავგადასავლის მიზეზი: შესაძლებლობა, ტონგას მიღმა სამყარო ენახათ. მან ბიჭები თავისი ახალი სათევზაო გემის ეკიპაჟის წევრებად დაიქირავა.

ატას ბიჭების ამბავი არ გახმაურებულა; აი, გოლდინგის წიგნს კი დღესაც უამრავი ადამიანი კითხულობს. მეტიც, მედიის ისტორიკოსები გოლდინგს სატელევიზიო გადაცემის ერთ-ერთი ჟანრის — რეალითი შოუს — უნებლიე შემქმნელადაც კი მოიხსენიებენ. უკვე დროა, რომ სხვა ტიპის ამბების მოყოლა დავიწყოთ. ნამდვილი ბუზთა ბატონი მეგობრობის და თანადგომის ისტორიაა. იგი გვაჩვენებს, თუ რამდენად ძლიერები შეგვიძლია ვიყოთ, თუკი ერთმანეთს გვერდში დავუდგებით. მას შემდეგ, რაც ჩემმა ცოლმა პიტერს ფოტო გადაუღო, ის კარადისკენ შეტრიალდა, ცოტა ხნით რაღაცას ეძებდა, შემდეგ კი თაროდან ქაღალდების დასტა გამოაძვრინა და ხელებში ჩამიდო. როგორც აგვიხსნა, ეს მისი მოგონებები იყო, რომლებიც შვილებისა და შვილიშვილებისთვის ჰქონდა შეგროვებული. როდესაც მემუარების პირველ გვერდს დავხედე, ეს სიტყვები წავიკითხე: "ცხოვრებისაგან ბევრი საოცარი რამ ვისწავლე იმ გაკვეთილის ჩათვლით, რომ ადამიანებში ყოველთვის კარგი და დადებითი უნდა დამენახა".