პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე საუბრისას ამბობს, რომ 20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის შენობა ისეა დაცული, რომ გამორიცხულია ადამიანმა შეანგრიოს და შევიდეს.

"რა გააკეთა — დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა 3 საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, ნაცმოძრაობას და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა", — ამბობს ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

ამის შემდეგ მან კვლავ გაიმეორა ქართული ოცნების მესიჯბოქსი, რომ "საფრთხე იყო, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და რაღაც უბედურება მოხდებოდა".

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დღემდე ქართული ოცნება "პარლამენტის შტურმზე" საუბრობს და გავრილოვის ღამეს სწორედ ამით ამართლებთ. აქამდე მათ არ უთქვამთ, რომ პარლამენტის ჭიშკარია ისეა დაცული, "გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე". 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე არაერთი ადამიანი დააკავეს და მათ სწორედ პარლამენტის შტურმს ედავებიან.