შიზოფრენია ქრონიკული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც პოპულაციის დაახლოებით 1%-ს აქვს. აშლილობის მქონე ადამიანებს რეალობის აღქმის დარღვევა, ილუზიები ან ჰალუცინაციებიც კი აწუხებთ.

შიზოფრენია თანაბრად აღენიშნება ნებისმიერი ასაკის ქალებსა და კაცებს. კაცებში სიმპტომები უმეტესად თინეიჯერობის მიწურულს და ადრეულ 20-იანებში ვლინდება, ქალებში კი 20-იანების ბოლოს და 30-იანების დასაწყისში.

ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთი უზუსტობა არსებობს. მაგალითად, ბევრი ფიქრობს, რომ აშლილობა პიროვნების გაორებას იწვევს, თუმცა ეს ასე არაა.

შიზოფრენიის სიმპტომები

ფოტო: Self.com

შიზოფრენიის სიმპტომები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

ადრეული სიმპტომები თინეიჯერობის წლებში და 20-იანი წლების ადრეულ ეტაპზე ვლინდება და ხშირად რთულად შესამჩნევია, რადგან ზრდასრულობის დადგომისთვის დამახასიათებელ ქცევებს ჰგავს.

ფართოდ გავრცელებული ადრეული სიმპტომებია:

  • გარემოცვისგან თავის იზოლირება;
  • სოციალური ჯგუფის ცვლილება;
  • ყურადღების გაფანტვა და კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
  • უძილობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • აკადემიური მოსწრების გაუარესება და ნაკლები პროდუქტიულობა.

პოზიტიური სიმპტომები კი ისეთი ქცევების ერთობლიობაა, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებში ნაკლებად გვხვდება, მაგალითად:

  • ჰალუცინაციები, ანუ გამოცდილებები, რომლებიც რეალურს ჰგავს, თუმცა გონების მიერ ნაწარმოები "ტყუილია" და ისეთი საგნების დანახვას, ხმების გაგონებას თუ სურნელის შეგრძნებას გულისხმობს, რასაც გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ;
  • ილუზიები, ანუ ისეთი რაღაცების დაჯერება, რისი საწინააღმდეგო არგუმენტიც წყალგაუვალია;
  • ფიქრის უნარის აღრევა — მდგომარეობა, როდესაც ფიქრის პროცესი, ინფორმაციის გადახარშვის პროცესი იქამდე დამახასიათებელ თარგს აღარ მიჰყვება;
  • დარღვევები, რომლებიც მოძრაობით გამოიხატება — ჟესტების, მიმიკების, დამახასიათებელი მოძრაობის წესის თუ სხვა ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება.

ნეგატიური სიმპტომები ინდივიდის ჩვეულ ემოციებს, ქცევებსა და შესაძლებლობებს ცვლის და შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • არაორგანიზებული ფიქრი და მეტყველება, როცა ადამიანი სასაუბრო თემის ამოწურვის გარეშე სრულიად სხვა თემაზე გადადის და ვერ კონცენტრირდება ან იყენებს გამოგონილ სიტყვებსა თუ ფრაზებს;
  • იმპულსურობა;
  • სიტუაციებისთვის შეუსაბამო ემოციური რეაქციები;
  • ცხოვრების ხალისისა და ინტერესის დაკარგვა;
  • თვითიზოლირება;
  • სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება;
  • წინასწარდასახული გეგმების შესრულების უუნარობა;
  • ყოველდღიური აქტივობების წარმართვის გაძნელება.

კოგნიტიური სიმპტომები ხშირად მოუხელთებელი, ძნელად შესამჩნევია, თუმცა მახსოვრობაზე და სააზროვნო პროცესებზე უარყოფითად აისახება. გავრცელებული სიმპტომები შემდეგია:

  • დაულაგებელი ფიქრები და უყურადღებობა;
  • გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, მიღებული ინფორმაციის მოქმედებად გარდაქმნის შეუძლებლობა;
  • ინფორმაციის დასწავლის გაძნელება;
  • სიმპტომების შემჩნევის უუნარობა.

შიზოფრენიის გამომწვევი მიზეზები

ფოტო: Metro

აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა პროფესიულ წრეებში რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ.

  • ბიოლოგიურს;
  • გენეტიკურს;
  • გარემოს გავლენით განსაზღვრულს.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, შიზოფრენიის მქონე ადამიანთა ტვინში გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა. კვლევები კვლავაც გრძელდება, თუმცა, როგორც ჩანს, ქიმიური დისბალანსი სიმპტომთა დიდ ნაწილზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მკვლევრებს ასევე სჯერათ, რომ გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობა, რომლებიც ემოციებსა და ქცევებზე გავლენას ახდენს, შიზოფრენიაზეც აისახება.

გენეტიკური მიდრეკილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ წინაპარს შიზოფრენია ჰქონდა, მომდევნო თაობაში აშლილობის განვითარების რისკი ბევრად მაღალია.

არსებობს სხვა რისკფაქტორებიც, როგორებიცაა: მუცლადყოფნის პერიოდში ან ჩვილობისას გადატანილი ვირუსი ან ტოქსიკურ ნარჩენებთან ურთიერთობა, უჯრედული დისბალანსი, ავტოიმუნური დაავადებები, ისეთი მედიკამენტები ან ნარკოტიკები, რომლებიც გონებრივ პროცესებზე მოქმედებენ, სტრესის განსაკუთრებით მაღალი დონე.

შიზოფრენიის დიაგნოსტირება და მკურნალობა

ფოტო: The Boston Globe

შიზოფრენიის განსაზღვრა მხოლოდ ერთი ტესტით არ ხდება. სრული ფსიქიატრიული მოკვლევაა საჭირო, რათა დიაგნოზი დაისვას, ამიტომ სიმპტომების არსებობისას სპეციალისტის ნახვა აუცილებელია. ის შეისწავლის თქვენი და თქვენი ოჯახის სამედიცინო ისტორიას, თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, შესაძლოა ფიზიკური გამოკვლევა, სისხლის ანალიზი, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიაც საჭირო იყოს. სპეციალისტი შიზოფრენიის დიაგნოზს სვამს თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი მაინც ერთი თვის განმავლობაში გრძელდება:

  • ჰალუცინაციები;
  • ილუზიები;
  • მეტყველების დარღვევები.

შიზოფრენია ბოლომდე არ იკურნება და მისი მართვა მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭიროა. მკურნალობის მეთოდები სიმპტომების სიმძაფრეს ამცირებს. შიზოფრენიის მართვა მედიკამენტებით, თერაპიით, სპეციალური დიეტით და სხვა დამხმარე საშუალებებით ხდება, რაც სპეციალისტთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვრება.

შიზოფრენია ბავშვებში

ფოტო: Spectrum

როგორც უკვე წაიკითხეთ, შიზოფრენია ძირითადად თინეიჯერობის მიწურულს ვლინდება, თუმცა არსებობს ადრეული გამოვლინებებიც. მცირე ასაკში აშლილობის გამოვლენა ბევრად რთულია, რადგან გარდატეხის ასაკი ისედაც მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდება, თანაც შიზოფრენიის სიმპტომები სხვა ფსიქიკური აშლილობების მსგავსად ვლინდება.

შიზოფრენია ბავშვებში შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

  • პარანოია;
  • უძილობა;
  • ემოციური ცვალებადობა;
  • სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები;
  • საკუთარ თავზე ზრუნვის შეწყვეტა;
  • მოულოდნელი ქცევითი ცვლილებები;
  • აკადემიური მოსწრების გაუარესება.

შიზოფრენიის სტატისტიკა

აშლილობა თინეიჯერობის მიწურულიდან 30-იანი წლების დასაწყისამდე ვლინდება. კაცებში უფრო ადრე, ქალებში — უფრო გვიან.

უფრო ხშირად კაცებში აღინიშნება, ვიდრე ქალებში.

შიზოფრენიის დიაგნოზი 21 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

იმის რისკი, რომ შიზოფრენია განგივითარდებათ 10%-ია, როცა ის თქვენს პირდაპირ ნათესავსაც აქვს.

შიზოფრენია ყველაზე მწვავე 15 აშლილობას შორის ერთ-ერთია.

აშლილობის მქონე ადამიანების სიბერის ასაკამდე სიკვდილის ალბათობა 2-3-ჯერ უფრო მაღალია.

შიზოფრენიის მქონე ადამიანთა ნახევარს მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ.

შიზოფრენიის მქონე ადამიანთა დაახლოებით 5% თავს თვითმკვლელობით ასრულებს.

აშლილობის მქონე პირთა ნახევარზე მეტი სათანადო მკურნალობას ვერ იღებს.

შიზოფრენია ქრონიკული აშლილობაა, თუმცა მართვადი და სათანადო ყურადღების შემთხვევაში სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებაც შესაძლებელია. უბრალოდ სიმპტომებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტი დრო დაუთმოთ.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.