კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ადასტურებს, რომ 2019 წელს მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა. ეს ინფორმაცია გავრცელებულ ჩანაწერებში ერთ-ერთ ფაილში იყო აღნიშნული, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაა.

ჩანაწერების მიხედვით, პანთეონში თბილისის მერიის ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოების შედეგად გოგებაშვილის საფლავიდან "ცხედრის ნაწილები გაიბნა". ფაილებში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს არ სურდა, ამის შესახებ მედიისა და საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი.

2 წლის შემდეგ, როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, სტუდია მონიტორთან საუბრისას ანთიძემ აღნიშნა, რომ სპეციალისტებს მოუწიათ "აგურებსა და მიწას შორის" ნეშტის გამორჩევა. თუმცა, მისი მტკიცებით რეაგირება სწრაფი იყო.

"მაშინვე მოხდა მისი არქეოლოგიურად შესწავლა და პატივით, როგორც არის საეკლესიო წესით დაკრძალვა. მოხდა შეკეთება ამ სამარხის და ახალი სასახლით დაკრძალეს", — განაცხადა მან.

ფაილში ასევე ვკითხულობთ, რომ მომხდარზე ინფორმირებული იყო პატრიარქი ილია მეორე და სწორედ მისი დავალებით მიმდინარეობდა ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც დაკრძალვა და პანაშვილი იყო დაგეგმილი.

იმის გასარკვევად, ნამდვილად მოხდა თუ არა ეს შემთხვევა და რა სახის სამუშაოები გატარდა, On.ge კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მერიას დაუკავშირდა. ორივე უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობდნენ. რაც შეეხება ნიკოლოზ ანთიძეს ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.