ევროკავშირი ელჩისა და საელჩოს სხვა წევრების საუბრების სავარაუდო ჩაწერას ეხმაურება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო საქმეთა წამყვანი სპიკერი პეტერ სტანო აცხადებს, რომ ეს ძალიან სერიოზული ფაქტია და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

"ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რადგან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციით გათვალისწინებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს", — განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.

ის ამატებს იმასაც, რომ ევროკავშირი ისევე მოქმედებს, როგორც სხვა მსგავს სიტუაციაში მოიქცეოდა, თუმცა, ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს იტყვიან.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.

დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.

მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: