მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბნელი ენერგია დააფიქსირეს. ამის შედეგები შეიძლება იყოს უზარმაზარი, უთხრა Interesting Engineering-ს დოქტორმა სუნ ვაგნოციმ, წამყვანმა მკვლევარმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

"ბნელი ენერგიის პირდაპირ დაფიქსირებას ძალიან დიდი გავლენა ექნება მეცნიერებაზე, განსაკუთრებით მის არაგრავიტაციულ ურთიერთქმედებას“, — თქვა მან.

15 სექტემბერს ჟურნალში Physical Review D-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ვაგნოციმ და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დეტალურად აღწერეს, თუ როგორ შეიძლება XENON1T-ექსპერიმენტის (ქსენონის ნახევარდაშლა) აუხსნელი შედეგები გამოწვეული იყოს ბნელი ენერგიის დაფიქსირებით.

ასევე იხილეთ: ქსენონის ნახევარდაშლა — მკვლევრებმა "ყველაზე იშვიათი მოვლენა" დააფიქსირეს

ბნელი ენერგიის დაფიქსირება

ასევე იხილეთ: რა არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია?

გასულ წელს, XENON1T ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა ღრმად მიწისქვეშეთში, გამოაცხადა მოულოდნელი აღმოჩენის შესახებ. ამ ანომალიის ახსნის მიზნით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ფიზიკური მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს იმის დადგენას, არის თუ არა სიგნალი წარმოქმნილი ბნელი ენერგიისგან. საუბარია ჰიპოთეტურ ძალაზე, რომელიც ითვლება, რომ სამყაროს გაფართოებას აჩქარებას და ამით ბნელ მატერიას უპირისპირდება.

მკვლევრების თქმით, მათი ახალი ნაშრომი ბნელი ენერგიის უშუალო გამოვლენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მოდელის წყალობით, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სიგნალი შეიძლება წარმოიშვას ბნელი ენერგიის ნაწილაკებისგან, რომლებიც წარმოიქმნება მზის რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი მაგნიტური ველებით.

მომდევნო ნაბიჯი შემდეგი ექსპერიმენტები იქნება, რაც მათ დასკვნებს დაადასტურებს.

"ბნელი ენერგიის დაფიქსირების დადასტურებას კვლავ დასჭირდება ექსპერიმენტები, რაც მის ავთენტურობას დაადასტურებს. ჩვენ ეს იმისთვის გვჭირდება, რათა საკუთარ თვალებს დავუჯეროთ. მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ თუკი ჩვენ ეს მოვლენა ლაბორატორიის პირობებში დავაფიქსირეთ და ეს მართლაც ბნელი ენერგიაა, მაშინ ჩვენ უნდა ვნახოთ ასეთი ხელწერა კოსმოლოგიურ დაკვირვებებშიც, განსაკუთრებით ფართომასშტაბიან სტრუქტურაში", — ამბობს ვაგნოცი.

ბნელი მატერიისა და ენერგიის კვლევა

ითვლება, რომ სამყაროს დაახლოებით 27 პროცენტი ბნელი მატერიისგან შედგება, ხოლო 68 პროცენტი ბნელი ენერგიას უკავია — ეს უხილავი ჰიპოთეტური ძალაა, რომელიც იწვევს სამყაროს დაჩქარებული ტემპით გაფართოებას. ეს ორი ფორმა წლების მანძილზე არ იყო გასაგები, მიუხედავად ექსპერიმენტისა, როგორიცაა XENON1T, რომელიც შექმნილია ბნელი მატერიის ნაწილაკების გამოსავლენად ქსენონის ატომების იზოლირებული თხევადი ავზის საშუალებით.

სამეცნიერო საზოგადოებამ პირველად აღმოაჩინა ბნელი მატერია 1920-იან წლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს გაცილებით მეტი დრო ჰქონდათ გალაქტიკების გაერთიანების იდუმალი ძალის შესასწავლად, ვიდრე ბნელი ენერგიისთვის.

"მეცნიერებმა ბნელი მატერიის გრავიტაციული ურთიერთქმედება ათწლეულების წინ აღმოაჩინეს. ახლა ჩვენ გვსურს გადავდგათ ნაბიჯი წინ და უკეთ გავიგოთ რა არის ეს, რა სახის ნაწილაკია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), როგორ ურთიერთქმედებს იგი სხვა სახის მატერიებთან და ა.შ. როდესაც საქმე ეხება ბნელ ენერგიას, ამ მხრივ შედარებით უკან ვართ, ასე რომ ბნელი ენერგიის უშუალო გამოვლენამ შეიძლება მეცნიერება მნიშვნელოვნად წინ წასწიოს",— თქვა ვაგნოციმ.

ბნელი ენერგიის გამოვლენა

ბნელი მატერიის გამოსავლენად ვაგნოციმ და მისმა ჯგუფმა ააგეს ფიზიკური მოდელი, რომელიც იყენებს ეგრეთ წოდებულ სკრინინგის მექანიზმს. ის ამას აკეთებს ისე, რომ შედეგები გასაგები იყოს აინშტაინის გრავიტაციის თეორიის ფარგლებში, რომელიც არ ითვალისწინებს ბნელი ენერგიის ეფექტებს მცირე მასშტაბით.

ამ ტიპის სკრინინგის მექანიზმი, ცნობილია როგორც ქამელეონის სკრინინგი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ XENON1T ჭარბი ენერგიის დაფიქსირება შეიძლება აიხსნას მზის რეგიონში წარმოქმნილი ბნელი ენერგიის ნაწილაკებით. ამ რეგიონს ტაქოკლინი ეწოდება, სადაც მაგნიტური ველები განსაკუთრებით ძლიერია.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის და XENON1T-ის სიჭარბე ნამდვილად ბნელი ენერგიის შედეგია, სამომავლო ექსპერიმენტები ამას რამდენიმე წელიწადში საბოლოოდ დაადასტურებს. ეს კი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც შავი ხვრელის პირველი ფოტო.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.