ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ედინბურგის გარდაცვლილი ჰერცოგის, პრინცი ფილიპის ანდერძი, "დედოფლისა და მისი კონსტიტუციური როლის პატივსაცემად", მომდევნო ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ დარჩება.

პრინცი ფილიპი, რომელიც სამეფოს ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კონსორტი იყო, 99 წლისა გარდაიცვალა 2021 წლის აპრილში — მე-100 დაბადების დღემდე სულ რაღაც ორი თვით ადრე.

საუკუნეზე მეტი ხანია, დადგენილია, რომ სამეფო ოჯახის მაღალი წოდების მქონე წევრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძი დასაბეჭდად უზენაესის სასამართლოს სამეფო ოჯახის განყოფილების პრეზიდენტს წარედგინება. შესაბამისად, სამეფო ოჯახის წევრების ანდერძები ჩვეული წესით არ საჯაროვდება.

აღნიშნული განყოფილების ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერ ენდრიუ მაკფერლენის, გადაწყვეტილებით, ფილიპის ანდერძი სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებიდან 90 წლის განმავლობაში დალუქული დარჩება და ამ დროის გასვლის შემდეგაც კი მხოლოდ ვიწრო წრისთვის გაიხსნება. ეს წრე კი მონარქის პირად რწმუნებულს, სამეფო არქივების მცველს, იურიდიულ წარმომადგენელსა და გარდაცვლილი ადამიანის შთამომავალს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ანდერძი აუცილებლად პროფესიონალმა არქივარიუსმა უნდა გახსნას.

მოსამართლის განცხადებით, "დედოფლის კონსტიტუციით განსაზღვრული პოზიციის გათვალისწინებით, მისი და ოჯახის წევრების პატივისცემის საჭიროებიდან გამომდინარე, ანდერძთან მიმართებით განსაკუთრებული მიდგომის გამოყენება გადაწყდა". გადაწყვეტილების გასაჯაროებული ვერსია კი მხოლოდ იმ ინფორმაციას მოიცავს, რაც ოჯახის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არ არღვევს.

ფოტო: Getty Images

მოსამართლის თქმით, მას იმის დაზუსტებაც მოუწია, რომ ფილიპის ანდერძის შინაარსი თავადაც არ გაუგია, მან მხოლოდ მისი გახსნის თარიღი და აღმსრულებლის ვინაობა დაადგინა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო მოსმენები, რომლებსაც ფილიპის იურისტები და იურიდიული წარმომადგენელი ესწრებოდნენ, მედიისთვის დახურული იყო.

სასამართლოსთვის სამეფო ოჯახის წევრის ანდერძის გადაცემის პრაქტიკა 1910 წლიდან იღებს სათავეს, როცა დედოფალი მერის უმცროსი ძმა, პრინცი ფრენსისი გარდაიცვალა, მისი ანდერძი კი ამგვარადვე დაილუქა.

მაკფერლენი იმასაც დასძენს, რომ 90 წლის შემდეგ, თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომ ანდერძი არ გასაჯაროვდეს, შესაძლოა, გადაიხედოს.