კომუნიკაციების კომისიამ ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის საჩივრები ტელეკომპანია იმედის მიმართ დააკმაყოფილა და საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

"კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.

სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას, უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს", — აცხადებენ კომისიაში.

მათივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეიმედის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.