ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით დარეგისტრირდა.

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, უწყება კანონის სრული დაცვით მოქმედებს და ბელორუსის ცესკო ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის ჩვიდმეტივე წევრის მხარდაჭერით დარეგისტრირდა, ხოლო პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მსჯელობა ცესკოს პრეროგატივას არ წარმოადგენს.

"ბელორუსის საარჩევნო ადმინისტრაცია არის არაერთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. საქართველოში არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის სტატუსით აკვირდება 2010 წლიდან. ამ დროისთვის ცესკოში 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დარეგისტრირებული და ყველა მათგანის რეგისტრაციას ცესკომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი", — განაცხადა იოსელიანმა.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოც დააკვირდება. ბელარუსის გარდა ცესკოს მიერ 24 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

14 სექტემბერს ბელარუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველოს ცესკოს არჩევნებში ბელარუსის ცესკოს წევრების აკრედიტაციის გადახედვისკენ და ამით ბელარუსი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისათვის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ 1996 წლიდან ბელარუსში ჩატარებული ყველა არჩევნები ეუთოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად არ უღიარებია. კერძოდ, 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო პროცესი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რიგი ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების არცერთ მოთხოვნას არ შეესაბამებოდა და მრავალი დარღვევებით ხასიათდებოდა.

2020 წლის აგვისტოში ბელარუსში გამართული არჩევნების შედეგებს აშშ და ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ. ისინი ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.