დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა.

მათი ცნობით, 2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას, ასევე, იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ, დოკუმენტების არქონის გამო კი მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს როგორც პოლიტიკური უფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩათვლით, ასევე, პრობლემები ექმნებათ გადაადგილების კუთხითაც.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების სამიზნე გალელი ახალგაზრდები არიან. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ, და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა გალში, კომისარიატში დაბარებულ ახალგაზრდებს განუცხადეს, რომ ის პირები, ვინც უარს იტყვიან "საქართველოში გამგზავრებაზე" და სავალდებულო სამხედრო სამსახურს აფხაზეთის სამხედრო სამსახურში გაივლიან, ე.წ. აფხაზურ პასპორტს მიიღებენ, უნივერსიტეტებში გარკვეული პრივილეგიები ექნებათ და სამომავლოდ, რუსული პასპორტის მიღებასაც შეძლებენ", — ამბობენ ისინი.

DRI-ს ინფორმაციით, 1 სექტემბერს, მასწავლებლების დახურულ შეკრებაზე, გალის სკოლების დირექტორებმა მასწავლებლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ გალის რაიონის აბიტურიენტებიდან მხოლოდ 17-მა გააგრძელა სწავლა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

"ეს მაჩვენებელი აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა, იმის ფონზე, რომ გალის რაიონში ქართული ზეგავლენის შესამცირებლად და განათლების კუთხით დიდი ძალისხმევა და რესურსი დაიხარჯა. სკოლის დირექტორებმა ამ შედეგის მიღება მასწავლებლების ცუდ მუშაობას დააბრალეს. სამწუხაროდ, ეს დისკუსია, ქმნის საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომდევნო წლებში აბიტურიენტებზე ზეწოლა გაგრძელდება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

DRI-ს ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ გალის რაიონში რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის " აფხაზეთში რუსი თანამემამულეების დაცვის ცენტრის" წარმომადგენლები, ელენა ჟილინსკაია და ალბინა ტოფჩიანი იმყოფებოდნენ, რომლებმაც გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან გამართეს შეხვედრა.

"შეხვედრაზე ითქვა, რომ ორგანიზაცია გალში ხსნის ოფისს, სადაც რუსეთის ყველა მოქალაქეს ან რუსეთში ბინადრობის ნებართვის (ე.წ. "მიწერის") მქონე პირს, მათ შორის, ქართული წარმოშობის პირებსაც, ექნებათ უფასო სამართლებრივი დახმარების, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში კი, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ რუსული პასპორტის აღებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, აფხაზეთში არსებული სუსტი სასამართლო სისტემის პირობებში, მათი მიზანია რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა. მათივე ინფორმაციით, გალის რაიონს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთოს. ამ მიზნით გალის რაიონში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის გაიხსნება საარჩევნო უბანი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას", — აცხადებენ ისინი.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აწარმოებს პოლიტიკას, რომლის მიზანიცაა რუსეთის მიმართ გალის მოსახლეობის სიმპათიისა და მხარდაჭერის გაზრდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ გალის ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს ხელისუფლების წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო კოვიდ-პანდემიის დროს ამ რაიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რუსეთის რბილი ძალის გააქტიურება სერიოზულ გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროცესი ბოლო პერიოდში საკმაო ინტენსივობით მიმდინარეობს. მსგავსი პოლიტიკა აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობების ზრდაზეა მიმართული, რაც აფხაზეთში რუსეთის ანექსიის გაღრმავების და განმტკიცების საწინდარი შეიძლება გახდეს", — ამბობს DRI.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშავოს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.