მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საქალაქოს სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებაში ცვლილება შევიდა და მას სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვლება პირობითად.

"პირველს ვიტყვი, რომ ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე, უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა", — განაცხადა კერვალიშვილმა.

მანვე განმარტა, რომ საქმეზე კურაცია აიღო მერიამ და დაზარალებულების დაკმაყოფილება ეტაპობრივად განხორციელდება.

"საპროცესო გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკი აქვს მშენებლობის და აქედან გამომდინარე თვითონ ისინი ადევნებენ უკვე თვალ-ყურს პროცესის დასრულებას", — განაცხადა მან.

2019 წლის 10 აპრილს ცენტრ-პოინტის საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ მაია რჩეულიშვილის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. მიონის ეპიზოდი თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე არსებულ მშენებლობას ეხება. ღარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო მაია რჩეულიშვილმა ბინათმენაშენეებს დამატებით 1 500 ლარის გადახდა შესთავაზა. ორივე მხარის შეთანხმების შემდეგ თანხა შპს-ს ანგარიშზე გადაირიცხა. პირობები ვერ შესრულდა, რის გამოც მაია რჩეულიშვილს თაღლითობაზე ედავებოდნენ — განმარტა რჩეულიშვილის ადვოკატმა.

მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოიტანა, რაც თაღლითობით დიდი ოდენობით თანხის მიღებას გულისხმობს.

გარდა ამისა, 2017 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. ამ საქმეზე ორივე მათგანმა სასჯელი მოიხადა. კერვალიშვილმა საპატიმრო 30 მარტს დატოვა.