პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე 13 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერების განადგურებას მოითხოვს. ხაზარაძის თქმით, "მასალები სასწრაფო წესით უნდა განადგურდეს".

"ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. ეს არის ადამიანების გადაკიდება. ეს ჩანაწერები სასწრაფო წესით უნდა განადგურდეს, მე მოვითხოვ, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. მახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, როცა თვალთმაქცურად ვითომ ანადგურებდა ნაციონალური მოძრაობის ჩანაწერებს და თურმე მთელი სისტემა შექმენით თქვენ", — თქვა მამუკა ხაზარაძემ რეაქციაში.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: